ელისაშვილი კუხიანიძეზე: ამ გარეწარმა დატოვოს საკრებულო!

„კატეგორიულად ვითხოვ, რომ ამ გარეწარმა დატოვოს თბილისის საკრებულო! დღესვე დატოვოს საკრებულო ამ ნაძირალამ“, - წერს ფეისბუკის პირად გვერდზე „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიერ სოციალურ ქსელში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით გუშინ დაწერილ პოსტს.

„გადაეცით, რომ არის გარეწარი და ზნედაცემული ადამიანი. ეგეთ ნაგვებს მოვაგროვებდი და ოსებს ვაჟა გაფრინდაშვილში გავუცვლიდი! მას არანაირი მორალური უფლება არ აქვს, ამგვარი პოზიციის შემდეგ თანამდებობაზე დარჩეს და მოგვაჩვენოს თავი, რომ თითქოს ხალხს, თბილისის მოსახლეობას ემსახურება“, - წერს ალეკო ელისაშვილი.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ერეკლე კუხიანიძემ ასევე ფეისბუკის პირად გვერდზე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მისამართით პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ამ ამბავს „მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის“:

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით - როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ... ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება - ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები, თქვენი დედაც!“ - წერს ერეკლე კუხიანიძე სოციალურ ქსელში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.