ავტორი: ლუკა მელაშვილი

სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოდის, რომ ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანს სუიციდამდე მიიყვანს, უნდა დაისაჯოს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით. მაშინ, როცა მოქალაქეები სხვადასხვა სამინისტროების წინ ბენზინს ისხავენ და თავს იწვავენ, ამ შემთხვევაში ვინ უნდა აგოს პასუხი - სახელმწიფომ თუ კონკრეტულმა პირმა? რეალურად ზემოთ ხსენებული მუხლით არაერთი თანამდებობის პირი უნდა გასამართლდეს, რომელთაც პირდაპირ თვითმკვლელობამდე მიჰყავთ ყოფითი პრობლემებით დამძიმებელი მოქალაქეები. უიმედობის განცდას, უპირველეს ყოვლისა, სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავე ჩინოვნიკების გულგრილობა აჩენს, რასაც სუიციდამდე მიჰყავს არა ერთი მოქალაქე. სასოწარკვეთას მოსდევს თვითმკველობაზე ფიქრი, რისი ხორცშესხმაც ხდება ხოლმე უიმედობის ზენიტში. ე.წ. " სიცოცხლით სავსე ქალაქი" რეალურად „ თვითმკვლელთა ქალაქი“ უფროა, რადგან კვირა არ გაივლის ისე, რომ არ გაშუქდეს სუიციდის შესახებ ფაქტები. თავს იკლავენ როგორც მოზარდები, ისე მოხუცები და შუა ხნის ადამიანები. ყოფა იმდენად გაუსაძლისია, რომ სიცოცხლით გამწარებული ხალხი გამოსავალს სუიციდში ეძებს. და როცა სოციალური დონე იმდენად დაბალია, რომ ადამიანები პირდაპირ თვითმკვლელობამდე მიჰყავს, მაშინ ვინ აგებს პასუხს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.