გორში სტალინის დაბადების 140-ე წლისთავი აღნიშნეს

„მოვითხოვთ სტალინის ძეგლის აღდგენას ქალაქის ცენტრალურ მოედანზე“, - ამ მოთხოვნით კომუნისტები და სტალინისტები საბჭოთა დიქტატორის სახლ-მუზეუმთან შეიკრიბნენ.

იოსებ სტალინის დაბადებიდან 140-ე წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან კომუნისტები დღეს გორში ჩავიდნენ. მათ ძეგლის აღდგენის გარდა, მოითხოვეს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა. გარდა ამისა, ქართველმა კომუნისტებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებისგან მოითხოვეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

დღევანდელი მიტინგი წინა წლებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ წითელ დროშებზე საბჭოთა სიმბოლიკა, ნამგლის და უროს სახით, არ იყო. მოქალაქეებს ეხურათ ქუდები და ეკეთათ შარფები რუსული წარწერით - СССР.

Your browser doesn’t support HTML5

გორში სტალინის დაბადების 140-ე წლისთავი აღნიშნეს

მიტინგის დასასრულს კომუნისტებმა მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ცენტრისკენ, სადაც 2010 წლამდე საბჭოთა დიქტატორის ძეგლი იდგა. ძეგლის ადგილზე მათ ყვავილები დაალაგეს და თავიანთი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს.

დღევანდელი მიტინგი გორში ინციდენტების გარეშე დასრულდა.