სომხეთში დააკავეს პირი, რომელმაც ფეისბუკით გაავრცელა ყალბი ინფორმაცია ფაშინიანის თაობაზე

ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა მამაკაცი, რომელმაც ფეისბუკის საშუალებით გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს სომხეთის პრემიერ-მინისტ ნიკოლ ფაშინიანს აშშ-ის პრეზიდენტისათვის მიელოცოს ირანის უმაღლესი სამხედრო პირის მკვლელობა.

5 იანვარს სომხეთის უშიშროების სამსახურმა გაავრცელა ეჭვმიტანილი პირის დაკავების ამსახველი ვიდეო და ასევე ცნობა, რომ უწყებამ დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც სოციალური მედიით ეწეოდა სომხეთის ეროვნული ინტერესების საზიანო საქმიანობას.

დაკავებულის ვინაობა არ ხმაურდება.

3 იანვარს, დიანა არიუტუნიანის ფეისბუკით გავრცელდა „ფეიკნიუსი“, რომელიც მალე აზერბაიჯანულმა და ირანულმა მედიამაც გაიზიარა. ინფორმაციის თანახმად, ნიკოლ ფაშინიანმა თითქოს აშშ-ის პრეზიდენტს მიულოცა ირანის გავლენიანი სამხედრო ლიდერის წინააღმდეგ განხორციელებული საავიაციო იერიში.

ყასემ სოლეიმანი, ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის სპეცდანაყოფის მეთაური, 3 იანვარს, აშშ-ის საჰაერო დარტყმის შედეგად იქნა მოკლული ბაღდადის აეროპორტის მახლობლად.

სომხეთის უშიშროების სამსახური მიიჩნევს, რომ მსგავსი ყალბი ინფორმაცია ემსახურება „ეროვნული, რასობრივი და რელიგიური“ მტრობის გაღვივებას და „არსებით ზიანს აყენებს სომხეთის ეროვნულ ინტერესებს“.

სომხეთს ირანსა და აშშ-სთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. 3 იანვარს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ღრმა შეშფოთება გამოთქვა“ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო.

ყალბი ინფორმაციის გავრცელება ფეისბუკით დაგმო სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ნიკოლ ფაშინიანი 5 იანვარს მეგობრებისა და მთამსვლელების ჯგუფთან ერთად ავიდა სომხეთში მდებარე არტანიშის მთის მწვერვალზე, 2500 მეტრის სიმაღლეზე და იქიდან მოუწოდა ირანისა და აშშ-ის ლიდერებს, თავი შეიკავონ ნაბიჯებისაგან, რომლებსაც ისედაც ერთობ დაძაბული ვითარების გამწვავება შეუძლიათ.