რევაზ ჩომახიძე: „გაოცებული ვარ ჩემი წყალბურთელების თავდადებით“

რევაზ ჩომახიძე მითითებებს აძლევს წყალბურთელებს

„ჩვენი მთავარი ამოცანა ევროპის მომავალ ჩემპიონატზე საფრანგეთის დამარცხებაა“, - გვითხრა ჟურნალისტებს საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ ჩომახიძემ, ბუდაპეშტში გამგზავრებამდე, თბილისში ჩატარებული დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ. ლეგენდარული წყალბურთელის გაწვრთნილი გუნდი ევროპირველობაზე უძლიერეს ჯგუფში მოხვდა - მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიასთან, მსოფლიოს ორგზის პრიზიორ საბერძნეთსა და ოლიმპიურ ჩემპიონ საფრანგეთთან. საქართველოს ნაკრებს ყველა აუტსაიდერად მიიჩნევდა. მსოფლიოს რეიტინგის მიხედვითაც, ქართველებს ჯგუფური ეტაპის შემდეგ, მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის მებრძოლთა პლეი ოფში უნდა გაეგრძელებინათ თამაში, მაგრამ... ჩომახიძის გუნდმა ჩემპიონატი საფრანგეთის ძლევით გახსნა. ნაკრების მთავარი მწვრთნელი რადიო თავისუფლებას სენსაციური გამარჯვების შემდეგ ესაუბრა.

- საფრანგეთთან გამარჯვება ჩვენი „პროგრამა მაქსიმუმი“ იყო. აქამდე საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო შედეგი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე აჩვენა, როდესაც მეცამეტე ადგილი დავიკავეთ, გუშინდელი მოგებით კი ევროპის თორმეტ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით.

- გჯეროდათ, რომ ამას შეძლებდით?

- იმედი მქონდა. ვგრძნობდი, რომ მოგების რეალური შანსი არსებობდა. ამის საფუძველს, პირველ ყოვლისა, ბიჭების საბრძოლო განწყობა მაძლევდა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ნანახმა მოლოდინს მაინც გადააჭარბა. გაოცებული ვარ ჩვენი წყალბურთელების შემართებითა და თავდადებით. საფრანგეთს ევროპაში ერთ-ერთი ძლიერი ნაკრები ჰყავს, - პირდაპირ ვიტყვი, უფრო მაღალი დონის, ვიდრე ჩვენი გუნდია, - მაგრამ კონკრეტულად ამ შეხვედრისთვის ჩვენ უკეთ მომზადებულები აღმოვჩნდით. დღეს რამდენიმეჯერ ვუყურე მატჩის ვიდეოჩანაწერს. ფრანგები ჩვენთან სათამაშოდ ფავორიტის რანგში გამოვიდნენ. დარწმუნებულები იყვნენ, რომ მოგვიგებდნენ. შეიძლება უკვე მეოთხედფინალზეც ფიქრობდნენ. უცებ გასაოცარ წინააღმდეგობას წააწყდნენ, ანერვიულდნენ და თამაში აერიათ, ჩვენ კი საქმე სასურველ დასასრულამდე მივიყვანეთ.

- აქამდე საქართველოს ნაკრებს საფრანგეთთან რამდენიმეჯერ ეთამაშა და ერთხელაც ვერ მოეგო...

- ბოლოს მათთან ორიოდ კვირის წინ დავმარცხდით, ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ტურნირზე. იმ თამაშში იგრძნო გუნდმა, რომ მათთან უშანსოდ არ ვიყავით.

- წინ ჯგუფური ეტაპის კიდევ ორი თამაშია. რას იტყვით მომავალ მეტოქეებზე?

- იტალია მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია და, მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. საბერძნეთის ნაკრებიც ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში. მათთან შეხვედრებში მაქსიმალურად ვეცდებით თამაში დავხვეწოთ და პლეი ოფის შეხვედრებს კიდევ უფრო უკეთეს ფორმაში შევხვდეთ.

- საფრანგეთს მოუგეთ. ახლა რა არის მთავარი მწვრთნელის მიზანი ევროპის ჩემპიონატზე?

- მთავარია, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ეიფორიიდან. თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ და გულშემატკივრები კიდევ უნდა გავახაროთ. დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი მაქსიმუმი არაა. პლეი ოფშიც ვიბრძოლებთ.

- საქართველოს ნაკრებმა ევროპის თორმეტ საუკეთესოს შორის მოხვედრით ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე თამაშიც გაინაღდა. როდის გაიმართება შეჯიბრება და ოლიმპიადის რამდენი საგზური გათამაშდება?

- ჯერ ჩვენც მხოლოდ ის ვიცით, რომ ევროპიდან ლიცენზიებისთვის ბრძოლაში თორმეტი ნაკრები უნდა ჩაებას. დეტალები, ალბათ, უახლოეს მომავალში დაზუსტდება. ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა ძალიან ძნელი იქნება. სავარაუდოდ, სამი-ოთხი ლიცენზია გათამაშდება.

- ქართული წყალბურთის პერსპექტივაზე რას იტყვით, როგორი თაობა მოდის და რა დონის ნაკრები ეყოლება საქართველოს ევროპის შემდგომ ჩემპიონატებზე?

- ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდები და ბავშვები გვყავს, მაგრამ ჯერ ძნელია იმის თქმა, რა დონეზე ითამაშებენ წლების შემდეგ. მათი ნიჭის გასავითარებლად და დიდ წყალბურთში დასამკვიდრებლად ძალიან ბევრი დამატებითი ფაქტორია საჭირო. ნიჭიერ სპორტსმენებს ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ - თუნდაც, საერთაშორისო არენაზე გამოცდილების მიღებაში.