ჩაიკამ რუსეთის გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა

იური ჩაიკამ დატოვა რუსეთის გენერალური პროკურორის პოსტი, იტყობინება კრემლის პრესსამსახური, რომლის თანახმად, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ თანამდებობაზე ფედერაციის საბჭოში წარადგინა საგამოძიებო კომიტეტის თავჯდომარის მოადგილის, იგორ კრასნოვის კანდიდატურა.

ჩაიკა თანამდებობიდან გაათავისუფლეს „სხვა სამუშაოზე გადასვლის გამო“. სად იმსახურებს ის, ჯერჯერობით არაა ცნობილი.

პრეზიდენტის კანდიდატურას ფედერაციის საბჭო განიხილავს 22 იანვარს.

ჩაიკა 68 წლისაა. ის გენერალური პროკურორი იყო 2006 წლიდან.

იური ჩაიკას ვაჟებს, მსხვილ ბიზნესმენებს, ეძღვნებოდა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოძიება.