ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულ პირებს პატიმრობა შეეფარდათ

ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ არ გაითვალისწინა ბრალდებულების ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს შეფარდებაზე და გაიზიარა პროკურორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ არსებობს ბრალდებულთა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.

პროკურორის განცხადებით, გამოძიების ხელთ არსებული მასალების თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობა შეკვეთილი და დამზადებული იყო ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის მიერ.

„რა ინტერესი ჰქონდათ უკრაინის მოქალაქეებს ძმებ ფეიქრიშვილებთან, ვინ იყო შემკვეთი, რა იყო ამის მოტივი, ამაზე გამოძიება გრძელდება, ერთობლივად ვმუშაობთ უკრაინის სამართალდამცავ სტრუქტურებთან. ყველაფერი დადგენილია. როცა მტკიცებულებითი სტანდარტი შეიქმნება, ყველას მიმართ, როგორც უკრაინაში მყოფების, ასევე საქართველოში მყოფების მიმართაც დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა“, - უთხრა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიორგი კავსაძემ. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულებიდან 4 პირი წარსულში ნასამართლევია, მათ შორის ერთი - მკვლელობის მცდელობისთვის.

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული. მათ შორის ერთი უკრაინაში. სახელმწიფო ბრალდება საქართველოში დაკავებული 6 პირიდან 2-ს, გიორგი ბიბილაურსა და ბექა ცინცაძეს, განზრახ მკვლელობის მომზადებას ედავება, ხოლო დანარჩენებს - ნუგზარ ბეჟანიძეს, გოჩა თადუმაძეს, როლანდ ბერიძესა და იური მჟავანაძეს - ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებასა და გასაღებას.

აფეთქებით 2 პირის შეკვეთილი მკვლელობის მზადების ფაქტზე ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 30 იანვარს თბილისსა და ბათუმში საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. პარალელურად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ხარკოვში ამავე დანაშაულთან კავშირში მყოფი უკრაინის 1 მოქალაქე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს 2 მოქალაქის მკვლელობა უკრაინაში დაიგეგმა და იგი სპეციალური დისტანციურად მოქმედი ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით უნდა განხორციელებულიყო.

საქმეზე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დისტანციური მოქმედების ასაფეთქებელი სპეციალური მოწყობილობები.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, დამზადების და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სს-ის 18-109 და 236-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-6 ნაწილებით. სასჯელი შესაბამისად ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე და 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობას.