რომან გოცირიძე: 4 თებერვლიდან განახლდება სახელისუფლებო დაწესებულებების პიკეტირება

რომან გოცირიძე

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციებს ხვალიდან, 4 თებერვლიდან განაახლებენ. დეპუტატის თანახმად, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში ბოიკოტის რეჟიმში რჩება, არ დაესწრება პლენარულ სხდომებს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებს პარლამენტისა და მთავრობის ადმინისტრაციის შენობების პიკეტირების პროცესში. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გაიმართება რეგიონებშიც.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციები შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება, შედეგი კი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა:

„თუ ხელისუფლება დადებულ პირობას არ შეასრულებს, პროტესტი იქნება, ვიდრე „ქართული ოცნება“ არ ჩამოიშლება. გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე, ან „ქართული ოცნება“ ვერ გაუძლებს საგარეო და საშინაო ზეწოლას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ. მისი თქმით, როცა საჭიროება იქნება, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ტრიბუნასაც გამოიყენებს.

4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია პლენარულ სხდომებს არ ესწრება და საკანონმდებლო ორგანოს შენობის პიკეტირებისთვის ემზადება. ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 2019 წლის 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვას ითვალისწინებდა.