რუსეთმა დაიწყო სამხედრო სწავლება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსაც მოიცავს

რუსეთმა ტაქტიკური წვრთნები დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქში. სწავლებაში მონაწილეობენ რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელი შენაერთები და სამხედრო ნაწილები, რომლებიც დისლოცირებულნი არიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

რუსული მედია სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ წვრთნებში ჩართულია 1700-მდე სამხედრო, 300 ერთეული ტექნიკა, მათ შორის, ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ავიაცია და უპილოტო საფრენი აპარატები. ტაქტიკური სწავლების დროს, ჯგუფებად დაყოფილი სამხედროები ერთმანეთის წინააღმდეგ მოქმედებენ, მეთაურებმა კი უნდა აჩვენონ არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღების უნარი და გამოიყენონ თანამედროვე შეიარღებული კონფლიქტების გამოცდილება. სამხედრო წვრთნები 21 თებერვლამდე გაგრძელდება.