თალაკვაძე: ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარადგინა პლენარულ სხდომაზე. „ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლის შემდეგ, რუსეთი საქართველოში ინარჩუნებს მავთულხლართების კედელს, რომელიც ხელოვნურად ყოფს ადამიანებს - ეს კედელი არის დროის და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენ ჩვენს აფხაზ ძმებს აუცილებლად დავიბრუნებთ და ეს თაობა შეძლებს ქვეყნის გამთლიანებას“, - ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის სპიკერის თქმით, საქართველო, ისევე როგორც არაერთხელ თავის ისტორიაში, იმყოფება რთული გამოწვევების წინაშე - გრძელდება მისი რეგიონების უკანონო ოკუპაცია.

„შედეგებს ყოველდღიურად ვაწყდებით ადამიანების გატაცების, მკვლელობების, კონტრაბანდის, გადაადგილების შეზღუდვის, უკანონო დაპატიმრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის და სხვა მძიმე დარღვევების სახით. ჩვენი პასუხი არის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ; საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეკონომიკური განვითარება, ენერგოუსაფრთხოება და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. რუსულმა ოკუპაციამ ეს რეგიონები დააყენა ჰუმანიტარული კრიზისის, სამხედრო ბაზებად გადაქცევის, მომავლის არარსებობის წინაშე“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.