„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია მოითხოვს ხოშტარიამ და ნადირაშვილმა დეპუტატის მანდატები დატოვონ

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები მოითხოვენ პარლამენტის წევრის მანდატები დატოვონ „ევროპული საქართველოს“ წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა.

„დატოვონ მანდატი საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გამჟღერებლებმა“, - წერს „ფეისბუკზე" „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე და თბილისის საკრებულოს წევრი გიორგი ჩაკვეტაძე.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიშით პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის გამოსვლის დროს, „ევროპული საქართველოს წევრები“ ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი დარბაზში შევიდნენ და პროტესტის ნიშნად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

პარლამენტის სხდომათა დარბაზს მიღმა ელენე ხოშტარიამ მედიას უთხრა, რომ აქცია-პერფორმანსი იყო იმის დემონსტრირება, რომ არ შეეგუებიან საქართველოში საბჭოთა კავშირის დამკვიდრებას: „ნახევრად ცარიელ დარბაზში არჩილ თალაკვაძე, ქვეყანაში, რომელშიც არის დიდი კრიზისი, ვითომ თავმჯდომარე პარლამენტის გამოდის და ესე საუბრობს. ერთადერთი, რისი სიმბოლოცაა ეს ყველაფერი, არის საბჭოთა ჰიმნი და საბჭოთა კავშირი".