სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დღეიდან საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს საჯარო სკოლებში და სკოლამდელ დაწესებულებებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო. არდადეგები არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

საქართველოს განათლების სამინისტროს თანახმად, ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები დაწყებულია, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფიცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდებათ.

განათლების სამინისტრომ სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართა ასევე უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს და კერძო სკოლებს.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის სამი შემთხვევაა დადასტურებული. პირველი დაუდგინდა 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც ქვეყანაში ირანიდან შევიდა აზერბაიჯანის გავლით. მეორე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიიდან ჩაფრინდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში. მესამე ინფიცირებული მამაკაციც ირანში იმყოფებოდა. კორონავირუსით ინფიცირებული სამივე პაციენტი საქართველოს მოქალაქეა. მედიკოსების თანახმად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.