ჩაკეტილი ზონა - დღე მერვე

მარნეულის და ბოლნისის რაიონებში მკაცრი კარანტინის გამოცხადებიდან მერვე დღეს მარნეულის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა - ამჯერად გარეთ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილი გამოვიდა.

მარნეულის რადიოს ცნობით, მოსახლეობის უმეტესობის პროტესტი სოფლებში პროდუქტზე გაზრდილმა ფასებმა გამოწვია. ხალხი ამბობს, რომ საკვების შესაძენად საკმარისი ფული არ აქვთ.

რადიო მარნეულის ხელმძღვანელი, კამილა მამედოვა ავრცელებს 30 მარტს, მარნეულში გადაღებულ ფოტოს, სადაც კარანტინის მიუხედავად, ზოგიერთ ქუჩაზე მანქანების სიმრავლე შეინიშნება

მარნეულის ამ ფოტოს კი ქართული ენის მასწავლებელი, ზვიად ფიფია უზიარებს თავის მეგობრებს. წარწერთ: ჩემი ქალაქი.

მარნეულის მერის, ზაურ დარგალის ინფორმაციით, მარნეულში თერმოკრინინგი უკვე ჩაუარდა 87 000 ადამიანს. ჯერჯერობით მათგან არც ერთს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

ეს კი გურამ ავქოფაშვილის ვიდეოჩართვაა საკარმიდამო ნაკვეთიდან, რომელშიც გვიჩვენებს, როგორ მიდის საგაზაფხულო სამუშაოები.

ბოლნისის მკვიდრი, მარიკო წიქორიძე რადიო თავისუფლებას ისევ უზიარებს საკუთარ განწყობას და გვეუბნება, რომ კარანტინის მერვე დღეს ხალხი მეტად ფრთხილობს, მეტად ინფორმირებულია. საყოველთაო კარანტინის გამოცხადებასაც ემხრობა და ფიქრობს, რომ იქნებ ასე მაინც შეეშვას ხალხი თავმოყრას და დომინოს თუ ფეხბურთის თამაშს. არის პრობლემებიც:

„დილიდან დილამდე ვატყობ რომ პირბადეებთან და ხელთათმანებთან ერთად დროის დეფიციტიც მაქვს მე პირადად“, - გვეუბნება მარიკო წიქორიძე და ამაზე მხოლოდ ის არ ჩივის, - „კიდევ რთულია ის, რომ ყველაფრის დისტანციურად კეთება ძალიან რთულია. მე დისტანციურად ვმუშაობ, ბავშვს დისტანციური გაკვეთილები, თან მამაჩემს ვთხოვთ, რომ ვენახში არ წავიდეს, მაგრამ გაიკეთებს პირბადეს , ჭაჭას ჩაიდებს და მიდის. სახლში ხომ გავგიჟდებიო, ამბობს... ექიმებიც იყვნენ მოსილები, სიცხე გაგვიზომეს. გუშინ ბევრი ადამიანი დააჯარიმეს საგანგებო წესების დარღვევის გამო“, - გვითხრა მარიკომ.

ბოლნისის მერიამ გაავრცელა ცნობია, რომ ასეთი 19 პირი დააჯარიმეს 3000 ლარით.

30 მარტს მარნეულსა და ბოლნისის გარდა კარანტინი გამოცხადდა მთელი საქართველოს მასშტაბით. მთავრობის გადაწყვეტილებით შემოღებულია ე.წ. კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, რომ 21.00 საათიდან დილის 06.00 საათამდე გარეთ მოძრაობა სრულად აიკრძალა.