მარტოხელა მოხუცების ამბები

ანზორ ნონიაშვილი, 79

“გუშინწინ გაზი გამითიშეს. მესიჯის წაკითხვა არ ვიცი. წავედი პენსიის ასაღებად, ფეხით. ავტობუსის ერთი ხუთი გაჩერება გავიარე. ორი პოლიციელი იყო იქ. რატომ გამოხვედიო, გინდა ახლა 3000-ლარიანი ჯარიმა დაგიწეროთო? გაზი გამითიშეს-მეთქი და გადახდა ხომ უნდა?! აბა ვინ გადამიხდის?! მეორედ არ გამოხვიდეო, გამაფრთხილეს, ვეღარ გავდივარ”.

79 წლის ანზორ ნონიაშვილი შვილთან, 43 წლის გიორგისთან ერთად ცხოვრობს. გიორგი მშენებლობაზე მუშაობის დროს დაშავდა და სამ წელიწადნახევარია, ლოგინსაა მიჯაჭვული. მისი ერთადერთი მომვლელი მამაა.

“მე ერთადერთი შემოსავალი პენსია მაქვს. სოციალურზე ვირბინე ადრე და 30-30 ლარი დაგვინიშნეს. ამას [გიორგის] აქვს კიდევ 220 ლარი. ამ ფულს მე ვიღებდი, მაგრამ მინდობილობას ვადა გაუვიდა და ახლა ვერ ვაკეთებ”, - ამბობს ანზორ ნონიაშვილი.

ახალი კორონავირუსის პანდემიისა და საქართველოში გამოცხადებული კარანტინის გამო, მარტოხელა მოხუცები ახალი რეალობის პირისპირ აღმოჩნდნენ. 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს სახლიდან გასვლა აკრძალული აქვთ. გამონაკლისია უახლოეს მაღაზიებში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში გასვლა.

ალექსანდრე ლევიცკი, 71

გარეთ გასვლის აკრძალვამ შემოსავლის გარეშე დატოვა 71 წლის ალექსანდრე ლევიცკი, რომელიც 9 წელია, ძაღლთან ერთად, მოწყალებას ითხოვს.

“შეიძლება მოვკვდე კიდევაც მთელი დღე სახლში ყოფნით. ვერ გამოვდივარ იმიტომ, რომ ტრანსპორტი არ არის. ძაღლსაც ხომ უნდა საჭმელი?!” - ეუბნება რადიო თავისუფლებას ალექსანდრე ლევიცკი. მას წინა დღით გამგეობიდან მიუტანეს პროდუქტი. მანამდე, ოთხი გოგოს ინიციატივით და ორგანიზებით, ლევიცკის ასევე პროდუქტით და ფულით დაეხმარა ხალხი. თუმცა მას შემდეგ, მარაგი თითქმის ამოიწურა.

“ახლა პენსიის ამარა ვარ”, - ამბობს ლევიცკი და განაგრძობს: “დაწერეთ - დაეხმარეთ ძაღლის პატრონს”.

65+ წლის ადამიანები ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, COVID-19-ით სერიოზული ავადობის გაცილებით მაღალი რისკის ქვეშ არიან.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა ადამიანებს, ვალდებულია დაეხმარონ ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. კარანტინის გამოცხადებამდე თითქმის ორი კვირით ადრე, პრემიერმა, ასევე, დაავალა ეკონომიკის, ჯანდაცვის სამინისტროებს და საქართველოს ფოსტას, შეექმნათ დახმარების მექანიზმი 70+ წლის პენსიონერებისთვის ყოველდღიური მომსახურების გასაწევად. თუმცა ასეთი მექანიზმი ამ დრომდე არ შექმნილა.

ასევე ნახეთ რას აკეთებს სახელმწიფო სახლში დარჩენილი მოხუცებისა და სხვებისთვის

რუსუდან ნაგლიაშვილი, 74

ყოველდღიურად, თბილისის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოდან საკვები მიაქვთ 74 წლის რუსუდან ნაგლიაშვილისთვის.

“მე ან თვეში ერთხელ მივდიოდი, ან - ორ თვეში. იმ დღეს თუ შევძლებდი, ლობიო რომ იქნებოდა, დანარჩენი ვერაფერს ვჭამ იმათ გაკეთებულს”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას რუსუდან ნაგლიაშვილი და ერთ კილო “ყველაზე იაფიან ვაშლზე” მიუთითებს, რომელიც ახლახან იყიდა.

იგი იხსენებს, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლის გაგრძელება უნდოდა, თუმცა მამამ ქალაქში წასვლის უფლება არ მისცა. “მაშინ ვინერვიულე და დამემართა ეპილეფსია”, - ამბობს რუსუდანი და განაგრძობს:

“მარტო პენსია მაქვს შემოსავალი. სოციალური რაც შემოიღეს, იმის მერე მქონდა და მომიხსნეს დავურეკე მუნიციპალიტეტს, მაგრამ უხეშად მითხრეს, შენო შვილები გყავსო და იმათ მოგიარონო. არადა შვილებს სასამართლოთი გავეყარე. იმათ მამას ქორწილის დღიდან საშინელ მდგომარეობაში ვყავდი. ქალებში დადიოდა. ღამის სამ საათზე რომ მოვიდოდა, ცემით მკლავდა, იქ ლამაზები იყვნენ, შენ კიდე არა ხარო”.

მადლენა შავგულიძე, 78

78 წლის მადლენა შავგულიძესთან საჭმელი კათარზისიდან მიაქვთ. აფთიაქშიც ის ახალგაზრდა გაეგზავნა, ვინც საკვები მიუტანა: “ძალიან ბევრი ავადმყოფობა მაქვს და ბევრი წამალიც მჭირდება. საჭმელი მომარაგებული არაფერი მაქვს. მაგას ფული უნდა და მე 130 ლარი მაქვს პენსია - წამალი ვიყიდო, საჭმელი ვჭამო თუ გადასახადი გადავიხადო?”

ქალბატონმა მადლენამ თავისი ამბავი რადიო თავისუფლებას ტელეფონით მოუყვა და ფოტოს გადაღებაზე მკაცრი უარი თქვა. დღეს ფორმაში არ ვარო, უთხრა რადიო თავისუფლებას კიდევ ერთმა მოხუცმა. არაერთმა პენსიონერმა მედიაში გამოჩენა საერთოდ არ ისურვა.