რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის შემთხვევების ყველაზე დიდი მატება აღირიცხა

რუსეთი იუწყება კორონავირუსით ინფიცირების 2,186 ახალ შემთხვევაზე, რაც ერთი დღისთვის ყველაზე მაღალი მონაცემია ეპიდემიის დაწყების შემდეგ. ამით ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა გაუტოლდა 15,770-ს. დაღუპულია 130 ადამიანი.

ოფიციალურ მონაცემებს ეჭვქვეშ აყენებენ კრიტიკოსები რუსეთშიც და მის საზღვრებს გარეთ და აცხადებენ, რომ ქვეყანა არ აღრიცხავს რეალურ სურათს.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 11 აპრილს მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, "ვხედავთ, რომ მოსკოვში საავადმყოფოები ძალიან ინტენსიურად, გმირულ, სასწრაფო რეჟიმში მუშაობს". პესკოვის თქმით, ვითარება მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში "საკმაოდ დაძაბულია, რადგან დაავადებულთა რიცხვი მატულობს".