მარინა ეზუგბაია: რემდესივირი ქვეყანაში არ არის და როგორ გამოვიყენოთ?

მარინა ეზუგბაია

"რემდესივირი ქვეყანაში არ არის და როგორ უნდა გამოვიყენოთ?" - ასე უპასუხა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტის შეკითხვას, იყენებს თუ არა კლინიკა კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობის პროცესში პრეპარატ რემდესივირს.

COVID-19-ის მკურნალობის სტანდარტად შესაძლოა, პრეპარატი რემდესივირი გამოცხადდეს. ამის შესახებ თეთრ სახლში, 29 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა აშშ-ის ალერგიული და ვირუსული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ.

კლინიკური გამოკვლევების წინასწარი შედეგებით, ამერიკული კომპანია „გილეადის“ მიერ, თავის დროზე „ებოლასთან“ საბრძოლველად შექმნილი პრეპარატი რემდესივირი 31%-ით უფრო სწრაფად აჯანმრთელებს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებს.

აშშ-ში ჩატარებულ გამოკვლევაში 1063 პაციენტი მონაწილეობდა. წინასწარი შედეგებით, პაციენტები, რომლებსაც რემდესივირს აძლევდნენ, საშუალოდ მე-11 დღეს გამოჯანმრთელდნენ, ხოლო ისინი, ვინც სხვა პრეპარატებს იღებდნენ, საშუალოდ 15 დღის შემდეგ.

ენტონი ფაუჩიმ ამ შედეგს ძალიან მნიშვნელოვანი უწოდა და შეადარა 1986 წელს, როცა ექიმებმა პირველად მიაკვლიეს აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატს.

COVID-19-ის სამკურნალოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებულ კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტში - პროტოკოლში რემდესივირი მოხსენიებულია იმ მედიკამენტებს შორის, რომელთა გამოყენების საკითხი შესაძლოა, განხილული იყოს. მარტის შუა რიცხვებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოს სურს რემდესივირი მარაგში ჰქონდეს.