ვარდისფერი სათვალე - ჩემი გმირი

ავტორი: მარიამ მიქაძე

მე და ჩემი ვარდისფერი სათვალე განუყრელი მეგობრები ვართ. ყოველდღიურად მესმის რჩევები ჩემი თანატოლებისგან, ოჯახის წევრებისგან და მასწავლებლებისგან, რომ უკვე ჩემს მეგობართან გამომშვიდების დროა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევეგუო ამას. დიახ, მე შევდივარ ისეთ ასაკში როდესაც ამ სათვალეების მინები იმსხვრევა ან მუქდება. მე კი არ მინდა რომ ეს მოხდეს. 15 წლის განმავლობაში ყველგან და ყველაფერში სილამაზეს ვხედავდი, მეძლეოდა რწმენა, თითქოს ადამიანებიც უფრო კეთილები ჩანდნენ და სამყაროს მართლაც სიყვარული და გვერდში დგომა ატრიალებდა. ამ დროის მანძილზე ჩემი ხასხასა ვარდისფერი სათვალე მმატებდა მხნეობას, მაძლევდა ძალას, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი შემენარჩუნებინა პოზიტივი და არ გამქრალიყო, არ გაქცეულიყო ჩემგან იმედი, ჩემი ცხოვრების მთავარი საზრისი.

შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ თუკი ოდესმე მკითხავენ, თუ ვინ არის ჩემთვის გმირი, ვუპასუხებ რომ ის ჩემი ვარდისფერი სათვალეა, რომელიც საშუალებას მაძლევს ძალიან ძალიან პატარა დეტალებშიც კი რაიმე სასიამოვნო და მხიარული დავინახო.

რა თქმა უნდა ამ ყველაფრის შემდეგ რთულია უბრალოდ მისი მოხსნა და გადაგდება, მითუმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას. როდესაც ხალხი საკუთარი ოჯახებისა და თავების გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. რთულია სიმშვიდის შენარჩუნება, ყველას გვაქვს მიზეზი რისთვისაც სიცოცხლე გვწყურია. ამ კატასტროფის დროს ყველა გავერთიანდით, ვმეგობრობთ, ერთმანეთს ვეხმარებით და გასაჭირში გვერდში ვუდგებით. ხელები გვაქვს ჩაკიდებული, ჯაჭვს ვქმნით ჩვენი ერთობით, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გაარღვევს. მაგრამ არის ერთი მტერი რაც დღეს ყველაშია, რაც თითოეულ ჩვენთაგანშია- პანიკა, რომელიც ცდილობს ჩვენს დასუსტებას, გვიტევს და ძალას გვართმევს.

მის წინააღმდეგ საბრძოლველად კი ტრადიციულად მე ვიღებ ჩემს ხასხასა ვარდისფერ სათვალეებს, შარვლის ჯიბიდან რომელიც გაკეთებისთანავე მიბრუნებს გამძლეობას, მომავლის რწმენასა და იმედს.

ვფიქრობ, ახლა სწორედ ის დროა როდესაც ყველამ უნდა ამოიღოს საკუთარი ჯიბეებიდან საკუთარი შავი, ნაცრისფერი, თეთრი, ლურჯი, წითელი სათვალეები, შეღებოს ვარდისფრად და ატაროს ის.