ისრაელის კნესეტმა ნდობის ვოტუმი გამოუცხადა მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით

ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის კნესეტმა ნდობის ვოტუმი გამოუცხადა 35-ე მთავრობას ბენიამინ ნეთანიაჰუს ხელმძღვანელობით. გადაწყვეტილებას ხმა მისცა კნესეტის 73-მა დეპუტატმა, 46 წინააღმდეგი იყო. დღესვე მინისტრებმა ფიცი დადეს.

ისრაელს 2019 წლის შემდეგ არ ჰყოლია ქმედითუნარიანი მთავრობა.

ამჟამინდელი მთავრობა ჩამოყალიბდა მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ნეთანიაჰუს „ლიკუდის“ პარტიასა და ისრაელის გენშტაბის ყოფილი მეთაურის, ბენი განცის პარტია „კახოლ-ლავანს“ შორის კოალიციური შეთანხმების საფუძველზე. ორივე პოლიტიკოსი რიგრიგობით, წელიწადნახევრის ვადით დაიკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ამგვარად, 18 თვის შემდეგ პრემიერი გახდება ბენი განცი. თავისი რიგის მოლოდინში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობა ექნება.