ირანი: მკაცრ პასუხს გავცემთ აშშ-ს ვენესუელისკენ ტანკერების სვლის პროცესში ჩარევისთვის

მოჰამად ჯავად ზარიფი

ირანი აშშ-ს აფრთხილებს, არ განახორციელოს "მეკობრეობა" კარიბის აუზში, როცა ნავთობით დატვირთული ირანის ხუთი ტანკერი ვენესუელისკენ მიემართება.

ტანკერების ვოიაჟის ფონია აშშ-ის მაღალჩინოსნის მიერ გასულ კვირაში სააგენტო "როიტერსისთვის" ნათქვამი სიტყვები, რომ აშშ განიხილავს, რა ზომები მიიღოს ირანის მხრიდან კრიზისით დაზარალებული ვენესუელისთვის ნავთობის გაგზავნის პასუხად.

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშისთვის 17 მაისს გაგზავნილ წერილში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აშშ-ს აფრთხილებს, კარიბის ზღვაში არ გაგზავნოს სამხედროები იმ მიზნით, რომ "ჩაერიოს ირანის საწვავის ვენესუელისთვის გადაცემაში".

აშშ-ის მხრიდან ცალმხრივად დაწესებულმა სანქციებმა მიზანში ამოიღო ირანის და ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიები და სხვა სექტორები, რითიც ირანს წაერთვა მისთვის საჭირო შემოსავალი და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა ზეწოლა ვენესუელის ცუდად მართულ ეკონომიკაზე. თეირანმა უკვე აღმოუჩინა დახმარება სოციალისტ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს, გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ქიმიკატების გაგზავნით, ბენზინის დეფიციტის პირობებში. იმის გამო, რომ ორივე ქვეყანა აშშ-ის სანქციების ქვეშაა, საერთაშორისო ფინანსური არხების მიღმა, მხოლოდ ერთმანეთთან ვაჭრობის პროცესში, მათ ხელს პრაქტიკულად არაფერი შეუშლის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ვენესუელის საკითხებში, ელიოტ აბრამსმა, გასულ თვეში გამოთქვა ვარაუდი, რომ ვენესუელა ირანს ოქროთი უხდის საფასურს, მისი ენერგეტიკული სექტორის დასახმარებლად. გავრცელებული შეფასებით, ირანის ხუთი ტანკერი, სულ მცირე, 45,5 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავით არის დატვირთული.