სომხეთში საგანგებო ვითარების პირობებში აღინიშნება პირველი რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავი

28 მაისს სომხეთში აღინიშნება პირველი რესპუბლიკის დაარსების 102-ე წლისთავი. დღესასწაულთან დაკავშირებით სომხეთის ხელისუფლებამ 28-31 მაისი დასვენების დღეებად გამოაცხადა, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანაში არანაირი სადღესასწაულო ღონისძიება არ გაიმართება.

პოლიციამ სომხეთის მოსახლეობა გააფრთხილა, რომ თავი შეიკავონ მასობრივი თავყრილობებისგან.

სომხეთში 13 ივნისამდე გასტანს კორონავირუსის ინფექციის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობა.

ეპიდემიური ვითარება ქვეყანაში კვლავაც მძიმე რჩება. სომხეთის საგანგებო შტაბის ცნობით, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 442 ახალი შემთხვევა, 15 პაციენტი გარდაიცვალა.