ლაგოდეხში მოსახლეობამ ცენტრალური გზა გადაკეტა

აქცია ლაგოდეხში

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ლაგოდეხში. მოსახლეობამ საქართველო-აზერბაიჯანის დამაკავშირებელი მთავარი ავტომაგისტრალი გადაკეტა. ლაგოდეხელებს არ სურთ, წყლის საფასური ახალი წესით გადაიხადონ. დღეიდან მათ მოხმარებული წყლის საფასურის გადახდა არა სულადობის, არამედ მრიცხველის ჩვენების მიხედვით მოუწევთ.

იმის გამო, რომ ლაგოდეხელებს სარწყავი წყალი არ აქვთ, სოფლის მეურნეობის საჭიროებებისთვისაც სასმელ წყალს იყენებენ, ამიტომ მრიცხველის ჩვენებით, თვეში შესაძლოა, 100 ლარის გადახდაც კი მოუწიოთ.

მოსახლეობა მოითხოვს, რომ მრიცხველები მოიხსნას და წყლის საფასური ადრინდელი წესით, სულადობის მიხედვით გადაიხადონ. აქციის მონაწილეებს წყალმომარაგების კომპანიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები ხვდებიან.

იმავე მოთხოვნით აქცია 29 მაისსაც გაიმართა. ლაგოდეხში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად ბოლო 5 წლის განმავლობაში 13 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მოსახლეობას წყლის პრობლემა ისევ აწუხებს, მათ შორის ნაწილი ამბობს, რომ დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.