ეკატერინე ტიკარაძე: პარლამენტში ჩემი ვიზიტი იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგი საკანონმდებლო ორგანოში აუცილებლად მივა კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული შედეგობრივი პასუხებით და მისი „ვიზიტი“ იქნება საქმიანი და არა პოლიტიკური შოუ.

მთავრობის კანცელარიაში 4 ივნისს გამართული სხდომის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ კანონმორჩილი ადამიანია და საკანონმდებლო ორგანოში მიუსვლელობით რეგლამენტი არ დაურღვევია:

„მე არა როგორც მხოლოდ მინისტრი, ზოგადად მოქალაქე ვარ საკმაოდ პასუხისმგებლიანი ადამიანი, ისევე როგორც კანონმორჩილი და აქედან გამომდინარე მე გავიარე არაერთი კონსულტაცია იურისტებთან და შესაბამისად ზუსტად ვიცი, რომ რეგლამენტი არ დამირღვევია“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის კომიტეტს წერილობით აცნობა, რომ იგი 3 ივნისის სხდომაზე ვერ მივიდოდა და მზად იყო დეპუტატების კითხვებისთვის მიმდინარე თვის დასასრულისთვის ეპასუხა.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის კომიტეტზე დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქციამ დაიბარა. დეპუტარტები მიიჩნევენ, რომ კომიტეტზე მიუსვლელობით მან პარლამენტის რეგლამენტი დაარღვია.