ლუკაშენკამ აღიარა, რომ ოპონენტების წინააღმდეგ საქმე მისი ინიციატივით აღიძრა

ბელარუსის პრეზიდენტმა აღიარა, რომ პირადად დაავალა საქმის აღძვრა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კონკურენტებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ.

ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ არიონ ვითარება ქვეყნის შიგნით და „იერიში მიიტანონ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ“.

პირველ ყოვლისა, ბელარუსის ლიდერს მხედველობაში ჰყავდა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის, სვეტლანა ციხანოუსკაიას გუნდი.

მისი კანდიდატურის დასაყენებლად ორგანიზებული კამპანიის მხარდაჭერის შემდეგ ლუკაშენკამ შესაბამის ორგანოებს დაავალა აღეძრათ საქმე მისი მეუღლის, ბლოგერ სერგეი ციხანოუსკისა და მისი შტაბის უფროსის წინააღმდეგ. მაისის ბოლოს სერგეი ციხანოუსკი და მისი საინიციატივო ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს.

"დიახ, ეს სიგნალი ციხანოუსკისთან დაკავშირებით ჩემგან მოდიოდა. რა, რაიმე ისე არ გავაკეთე? მე გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე, რომელზეც ჯერ კიდევ ვაგებ პასუხს. და ყოველთვის ვიქნები პასუხისმგებელი - ნებისმიერ ხარისხში“, - განაცხადა ლუკაშენკამ ტელეკომპანია „ბელარუს 1“-ის ეთერში.

ლუკაშენკამ ასევე აღიარა, რომ მისი დავალებით დააპატიმრეს მეორე პოტენციური საპრეზიდენტო კანდიდატი, ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც 10 დღეა საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება და დღემდე უცნობია მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების შესახებ.

სულ საპრეზიდენტო კამპანიის განმავლობაში ბელარუსში დააკავეს 400 ადამიანი. აშშ და ევროკავშირი მინსკს მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყველა დაპატიმრებული და შეწყვიტოს პოლიტიკური რეპრესიები.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართება.

ალექსანდრ ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან უდგას სათავეში, აპირებს, რომ მეექვსე ვადით იყაროს კენჭი.