გაერომ მხარი დაუჭირა რეზოლუციას გლობალური ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე

ანტონიუ გუტერეში

გაეროს უშიშროების საბჭომ 1 ივლისს მხარი დაუჭირა გლობალური ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის განმავლობაში ყველა შეიარაღებული კონფლიქტის დროს აუცილებლად მიიჩნევს ბრძოლების შეწყვეტას და ჰუმანიტარული პაუზის უზრუნველყოფას.

ტუნისისა და საფრანგეთის ინიციატივით მომზადებული რეზოლუციის პროექტის გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს, გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განსახილველად ჯერ კიდევ 23 მარტს წარუდგინა.

იგი შეეხება სირიაში, ლიბიაში, იემენში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა ტერიტორიებზე მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტებს, სადაც სულ მცირე 90 დღის განმავლობაში უნდა იქნეს შენარჩუნებული ჰუმანიტარული პაუზა.

ცეცხლის შეწყვეტა არ ვრცელდება საბრძოლო ოპერაციაზე, რომელიც ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“, ალ-ყაიდისა და სხვა ტერორისტული ჯგუფების წინააღმდეგ მიმდინარეობს.