ვის ეკუთვნის ხიდის ქვეშ ნაპოვნი წინდები, რომლებიც ფეხბურთელის საქმეში დევს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიანი საქმიდან ირკვევა, რომ 25 ივნისს, მდინარე არაგვის ხიდის ქვეშ, ნაპირზე ჩატარებული ადგილმდებარეობის დათვალიერების შემდეგ, ნაპოვნია შავი ფერის წინდები და შავი ფერის ფეხსაცმლის საფენები.

ამოღებული ნივთები 25 ივნისსვე გადაიგზავნა ქიმიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზაზე იმის დასადგენად, ხომ არ აღინიშნება სისხლის კვალი და ბიოლოგიური მასალა წინდებსა და ფეხსაცმლის საფენებზე.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ჩამოთვლილია, გამოძიების ის კითხვები, რომლებსაც ექსპერტიზის დასკვნამ უნდა გასცეს პასუხი:

  • არის თუ არა ნაპოვნ ნივთებზე გენეტიკური პროფილი? დადებითი პასუხის შემთხვევაში ექსპერტიზას წარედგინება შესადარებელი ნიმუში.
  • აღენიშნება თუ არა ნივთებს დაზიანებების რაიმე კვალი და შეიძლება თუ არა ეს დაზიანებები განვითარებულიყო სიმაღლიდან ვარდნის შედეგად?
  • აღენიშნება თუ არა წინდებსა და საფენებს დენთის კვალი?
  • და აღენიშნება თუ არა ნივთებს ხელის კვალი?

არაგვის ნაპირზე აღმოჩენილი წინდებისა და ფეხსაცმლის საფენების შესახებ, ამ დრომდე არაფერი იყო ცნობილი. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ფიგურირებდა მხოლოდ შავი ფერის სპორტული ჩანთა, რომელიც გამოძიებამ 19 ივნისს, მაშინ აღმოაჩინა ხიდის საყრდენ სვეტზე შემოდებული, როდესაც საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმესთან, გურამ ამირხანაშვილთან ერთად, საგამოძიებო ექსპერიმენტს ატარებდა. დადასტურებულია, რომ შავი ჩანთა სწორედ გიორგი შაქარაშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორ აღმოჩნდა ჩანთა ხიდის საყრდენ სვეტზე, ამის შესახებ გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. თავად ჩანთა, ისევე როგორც წინდები, გადაგზავნილია ექსპერტიზაზე.

გიორგი შაქარაშვილის ცხედრის აღმოჩენისა და დათვალიერების ოქმში დეტალურადაა აღწერილი, რა ეცვა და რა მდგომარეობაში იპოვეს ცხედარი მყვინთავმა-მაშველებმა. მაშველებისა და ექსპერტების მიერ ხელმოწერილ ოქმში მითითებულია, რომ გიორგი შაქარაშვილს „აცვია შავი შორტი, მომწვანო ორნამენტებიანი მოკლესახელოებიანი დღის პერანგი, ჰკიდია მოყვითალო ფერის ძეწკვი და ასეთივე ფერის ჯვარი“, თუმცა, ოქმში არაფერი ნათქვამი იმის შესახებ, ეცვა თუ არა ცხედარს წინდები და ფეხსაცმელი.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, წინდებისა და ფეხსაცმლის საფენების ექსპერტიზა კვლავ მიმდინარეობს.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.