შაქარაშვილის საქმის მოწმის ფოტოაპარატი ხელახალ ექსპერტიზაზე გაიგზავნა

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი მოწმის, იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატს ხელახალი ექსპერტიზა უტარდება.

ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში 4 ივლისსაა გაგზავნილი.

საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ დოკუმენტში მითითებულია, რომ წინა, 24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ფოტოაპარატში მოთავსებული მეხსიერების ბარათიდან ამოღებული და აღდგენილი იქნა გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლოს სხვა სახის მასალების ამოღება-აღდგენა შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელთ არსებული აპარატურით შეუძლებელი აღმოჩნდა.

როგორც დეტექტივ-გამომძიებელი მიუთითებს დოკუმენტში, ვინაიდან შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში ვერ აღდგა ფოტოაპარატიდან წაშლილი მასალები, რომლებიც შესაძლოა ასახავდეს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას, ამჯერად ექსპერტიზის ჩატარება უნდა დაევალოს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს.

24 ივნისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

იაკობ ბრეგვაძის დედამ 7 ივლისს სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს, რომ მის შვილს ფოტოაპარატით არაფერი გადაუღია:

„...დაეკითხეთ მოწმეებს, ვინმეს თუ დაუნახავს წვეულებაზე, რომ იაკობს კამერა ეჭირა ხელში და იღებდა? ჩემი შვილი იქ სტუმრად იყო, და დღეს პირიქით, ნანობს კიდეც რომ არაფერი გადაიღო, ნეტა გადამეღოო…იუბილართან მეგობრობს და მან დაპატიჟა, სხვებს არ იცნობდა… ხიდზე, ვიდეოშიც ჩანს, რომ ბიჭები სულაც არ მოელოდნენ საფრთხეს, მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და როდესაც გაჩერდა მანქანა და რკინის ჯოხით გადმოვიდა თავდამსხმელი, მანდ უკვე გადაღებაზე კი არა, სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა იაკობი“, - წერს ფოტოგრაფის დედა.

ასევე ნახეთ გადაიღო თუ არა ინციდენტის კადრები ფეხბურთელის საქმის მოწმე ფოტოგრაფმა?

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც დაბადების დღიდან წამოსულ ახალგაზრდებს, საავტომობილო ტრასაზე, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

ასევე ნახეთ შაქარაშვილის საქმის მოწმე ფოტოგრაფი შსს-ს მაღალჩინოსნის ახლო ნათესავია


19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ისინი ბრალს არ აღიარებენ.

გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.