Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაქარაშვილის საქმის მოწმე ფოტოგრაფი შსს-ს მაღალჩინოსნის ახლო ნათესავია


გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, 18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ახლო ნათესავია.

ამის შესახებ ნინო გიორგობიანმა მას შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელში, რაც რამდენიმე ხნით ადრე, ზვიად კუპრავამ, „სამართალდამცავთა რეფორმების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ასევე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმისა და შსს-ს მაღალჩინოსნის ნათესაური კავშირის შესახებ:

„მეგობრებო, ჩემი ინფორმაციით შაქარაშვილის საქმეში, მთავარი მოწმე ე.წ. „ფოტოგრაფი“ არის ერთ-ერთი ძალოვანი უწყების მოქმედი და ცნობილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი. მომხდარიდან რამდენიმე წუთის შემდეგ „ფოტოგრაფი“ პირადად იყო ამ მაღალჩინოსანთან სატელეფონო კავშირზე და ახლა უკვე გასაგებია თუ რატომ იქნა მისი ფოტო აპარატიდან „წაშლილი“ იმ დღის მასალა და ასევე რატომ არის მისი ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავი“.


ზვიად კუპრავა, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, სწორედ ნინო გიორგობიანს დაურეკა ინციდენტის ღამეს ფოტოგრაფმა და სწორედ მან გაუგზავნა მოწმეს „შკოდის“ მარკის ავტომობილი, რითაც იაკობ ბრეგვაძე თბილისში წამოიყვანეს.

ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ადასტურებს შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმესთან ნათესაურ კავშირს და წერს, რომ მან 19 ივნისის ღამის ინციდენტის შესახებ მხოლოდ 22 ივნისს, იაკობ ბრეგვაძის დედისგან შეიტყო:

„ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი“.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც, რომელიც ინციდენტის სიახლოვეს, ერთ-ერთ შენობაში დაიმალა.

შაქარაშვილის საქმეში დევს შსს-ს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პატაკი, სადაც ის წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას.

იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატს ექსპერტიზა ჩაუტარდა 24 ივნისს. ექსპერტიზის თანახმად, მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში, იაკობ ბრეგვაძეს ორი ჩვენება აქვს მიცემული. პირველი 19 ივნისს, მეორე კი - 21 ივნისს. პირველი ჩვენებისას ის ამბობს, რომ გაქცევისას 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია ადგილზე ინციდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა, მან საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, კონფლიქტი დამთავრებული იყო და რაკიღა პოლიცია თბილისისკენ მოდიოდა, მათ გამოჰყვა.

მეორე ჩვენების თანახმად კი, რომელიც მან გამოძიებას 21 ივნისს მისცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ პატრული გამოიძახა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო და აღარ საჭიროებდა დახმარებას. თუმცა, ამავე ჩვენების თანახმად, ადგილზე მაინც მივიდა პოლიცია: „დავრეკე 112-ში, ვუთხარი აღნიშნულის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე მოვიდა „შკოდის“ მარკის ავტომანქანით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვთხოვე, თუ შეეძლოთ თბილისში წაყვანა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟმა წამომიყვანა თბილისში“.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, რომელიც იაკობ ბრეგვაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს მიაწოდა, ინციდენტის ადგილას მისულ პოლიციას „ყველაფერი მოუყვა“:

„და, მეთქი, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი თუ შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი და წამიყვანეს თბილისში“.

რადიო თავისუფლება იაკობ ბრეგვაძესთან დაკავშირებას ცდილობდა დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა, მასთან დაკავშირება, ამ დრომდე, ვერ მოხერხდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG