Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გადაიღო თუ არა ინციდენტის კადრები ფეხბურთელის საქმის მოწმე ფოტოგრაფმა?


„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, იაკობ ბრეგვაძე პირადად ინახავს „სონის“ ციფრულ ფოტოაპარატს, რომლითაც იგი სურათებს იღებდა 2020 წლის 18 ივნისს, ნარეკვავის დასახლებაში მომხდარი ძალადობისა და გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების დროს და იგი აპირებს აღნიშნული ფოტოაპარატის განადგურებას“, - ეს პატაკი ეკუთვნის შსს მცხეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს, რომელიც მან 22 ივნისს დაწერა.

გამომძიებლის პატაკი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში დევს. გამომძიებელი შემდგომი რეაგირების თხოვნით მიმართავს მცხეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს.

18 წლის ფოტოგრაფი, იაკობ ბრეგვაძე ერთ-ერთი მთავარი მოწმეა იმ ინციდენტისა, რა დროსაც საავტომობილო ტრასაზე, ფეხით მიმავალ ახალგაზრდებს და მათ შორის გიორგი შაქარაშვილს, რამდენიმე პირი დაესხა თავს, ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა, ნაწილმა გაქცევა მოახერხა, გიორგი შაქარაშვილი კი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. გაქცევით უშველა თავს იაკობ ბრეგვაძემაც.

პროკურატურის მიერ, 27 ივნისს, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებულ ვიდეო-კადრებში, თითქმის წუთნახევრიანი მონაკვეთი სწორედ იაკობ ბრეგვაძეს ეკუთვნის. ის და მასთან ერთად მყოფი ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის, გიორგი შაქარაშვილიც, თბილისი-ლესელიძე-სენაკის გზაზე გადაადგილდებიან. კადრები, სავარაუდოდ, ტელეფონითაა გადაღებული და ის არ ასახავს ინცინდენტის მონაკვეთს.

გამომძიებლის პატაკის საფუძველზე, იაკობ ბრეგვაძის კუთვნილი „სონის“ ფოტოაპარატი გამოძიებამ 22 ივნისს შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტური დეპარტამენტის კომპიუტერულ-ტექნიკურ ექსპერტიზას გადასცა.

ექსპერტიზაზე გაგზავნამდე, შიდა ქართლისა და მცხეთა მთიანეთის საოლქო პროკურატურა მცხეთის რაიონულ სამმართველოს განცხადებით მიმართავს და წერს, რომ ფოტოგრაფი ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას:

„იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ აწვდის გამოძიებას. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის ჩატარების გზით.

არსებობს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველი, რომ შესაძლებელია, აღნიშნული კამერით დაფიქსირებულიყო საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებები, მათ შორის, მომხდარი კონფლიქტი, კონფლიქტთან დაკავშირებული მოვლენები, კონფლიქტში მონაწილე პირთა გადაადგილება და ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საქმის სწორი წარმართვისთვის.

ვინაიდან, ექსპერტიზის ჩატარების გარეშე ვერ მოხერხდება წაშლილი ფოტო-მასალის აღდგენა, აღმოჩენა და გადმოწერა, უნდა მოხდეს ფოტოაპარატის ამოღება, რათა დაინიშნოს საინფორმაციო-ტექნოლoგიური ექსპერტიზა, რის შემდეგაც, მოხდება ფოტოაპარატში არსებული და წაშლილი მასალის აღდგენა“.

ექსპერტიზის დასკვნის დოკუმენტში, რომელიც 24 ივნისით თარიღდება, ვკითხულობთ, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან ამოღებულია და აღდგენილ იქნა 2198 არსებული და 1700 წაშლილი სტატუსის მქონე გრაფიკული ფაილი და 28 არსებული სტატუსის მქონე ვიდეო ფაილი, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება/აღდგენა წარმოდგენილი მეხსიერების ბარათიდან, ექსპერტთა ხელთ არსებული აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით შეუძლებელი აღმოჩნდა. ჯამში, ფოტოკამერიდან ამოღებულმა მასალამ 6 DVD დისკი შეადგინა.

შაქარაშვილის გარდაცვალების ათტომიან საქმეში, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, არ დევს დოკუმენტები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა შინაარსის მასალის ამოღება და აღდგენა მოახერხეს იაკობ ბრეგვაძის ფოტოკამერიდან ექსპერტებმა.

ინახებოდა თუ არა ინციდენტის ამსახველი კადრები იაკობ ბრეგვაძის ფოტოაპარატში, ამ კითხვით რადიო თავისუფლებამ პროკურატურას მიმართა და პასუხს ელოდება.

გიორგი შაქარაშვილის საქმეში, იაკობ ბრეგვაძეს ორი ჩვენება აქვს მიცემული. პირველი 19 ივნისს, მეორე კი 21 ივნისს.პირველი ჩვენებისას ის ამბობს, რომ გაქცევისას მან 112-ში დარეკა და დახმარება ითხოვა. საპატრულო პოლიცია ადგილზე ინცინდენტის ამოწურვის შემდეგ მივიდა, მან საპატრულო ეკიპაჟს უთხრა, რომ აღარაფერი ხდებოდა, კონფლიქტი დამთავრებული იყო და რაკიღა პოლიცია თბილისისკენ მოდიოდა, მათ გამოჰყვა.

მეორე ჩვენების თანახმად კი, რომელიც მან გამოძიებას 21 ივნისს მისცა, ფოტოგრაფი ამბობს, რომ პატრული გამოიძახა, შემდეგ გამოძახება გააუქმა, რადგან კონფლიქტი ამოწურული იყო და აღარ საჭიროებდა დახმარებას. თუმცა, ამავე ჩვენების თანახმად, ადგილზე მაინც მივიდა პოლიცია: „დავრეკე 112-ში, ვუთხარი აღნიშნულის შესახებ და ვთხოვე დახმარება, რის შემდეგაც მალევე მოვიდა "შკოდის" მარკის ავტომანქანით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ვთხოვე თუ შეეძლოთ თბილისში წაყვანა, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟმა წამომიყვანა თბილისში“.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, რომელიც იაკობ ბრეგვაძემ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტს მიაწოდა, ინცინდენტის ადგილას მისულ პოლიციას „ყველაფერი მოუყვა“:

„და მეთქი, მორჩა ყველაფერი და ერთადერთი თუ შეგიძლიათ, რომ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი და წამიყვანეს თბილისში“.

რადიო თავისუფლება იაკობ ბრეგვაძესთან დაკავშირებას ცდილობდა დეტალების დასაზუსტებლად, თუმცა, მასთან დაკავშირება, ამ დრომდე, ვერ მოხერხდა.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. საქმეზე 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

გიორგი შაქარაშვილი გაუჩინარების შესახებ ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.

დაწერეთ კომენტარი

გიორგი შაქარაშვილის საქმე

  • 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს. და იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ. აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.
  • პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სწორედ ეს პირები წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი ამ თავდასხმისას გაუჩინარდა.
  • გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, 22 ივნისს, ის მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
  • 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, 17 პირია დაკავებული. მათ შორის, ექვსი არასრულწლოვანი. გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლებით.
  • გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, 109-ე მუხლი, 5 პირს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ს-სა და ა.ქ.-ს აქვს წარდგენილი.
XS
SM
MD
LG