რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში სამხედრო წვრთნებს ატარებს

რუსეთის საოკუპაციო ბაზა ცხინვალის რეგიონში

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული რუსული ბაზების სამხედროები წვრთნებს ატარებენ ორი დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებულ ძალებთან ერთად.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთში კვირის ბოლომდე მიმდინარე ტაქტიკური სწავლება, რომელშიც რუსული ბაზის სადაზვერვო ქვედანაყოფები მონაწილეობენ, მიზნად ისახავს პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფების აღმოჩენას და განადგურებას. წვრთნებში ჩართულია 2 ათასზე მეტი რუსი სამხედრო და 300 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები, არტილერია და ავიაცია.

რუსული საოკუპაციო ბაზის სამხედროები ე.წ. სამხრეთ ოსეთის არმიის ქვედანაყოფებთან ერთად ტაქტიკურ წვრთნებს ატარებენ ცხინვალის რეგიონშიც. სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახურის ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობს 3500-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით 800 ერთეული ტექნიკა, მათ შორის ტანკები, საარტილერიო დანადგარები და ნაღმმტყორცნები.