ბასილაშვილის პროცესი არ იქნება - სასამართლო აგვისტოში გადაიდო

16 ივლისს, საქალაქო სასამართლოში აღარ გაიმართება დანიშნული სხდომა ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე.

რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია დაუდასტურა როგორც ჩოგბურთელის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ, ისე ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა, ანა აბაშიძემ.

სასამართლო აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო.

ასევე ნახეთ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

როგორც ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტმა, და, ამ შემთხვევაში დაზარალებულის ადვოკატმა, ანა აბაშიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, საქმეში, ბასილაშვილისა და დოროყაშვილის არასრუწლოვანი შვილის ფიგურირების გამო, ამ საქმის დაჩქარებულად განხილვა არ ღირდა.

მითუმეტეს, რომ ბავშვი ახლა რეაბილიტაციის პროცესშია და ადვოკატის აზრით, აჯობებს, მან გარკვეული დროის შემდეგ, მშვიდ ვითარებაში მისცეს ინფორმაცია გამოძიებას.

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის ქრონოლოგია

2020 წლის 21 მაისს, ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე (სსკ-ის 126¹-ე მუხლი) დააკავეს. მას ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა.

21 მაისს, გამოიცა შემაკავებელი ორდერები (სულ 6 ორდერი) ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მის მშობლების მიმართ, რომლებიც მხარეებმა გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში.

8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული ყველა ორდერი ძალაში დატოვა.

ბასილაშვილის ოჯახს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია თბილისის სააპელაციო სასამართლოში. ამ ორდერებს მოქმედების ვადა 21 ივნისს ამოეწურა.

ჩოგბურთელი 24 მაისს სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გამოძიება ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის დამუშავების პროცესშია.

ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეს, შესაძლოა, დაემატოს სხვა ეპიზოდებიც და გარკვეულწილად, შეიცვალოს ბრალის დადგენილებაც.

ეს „დამატებითი ეპიზოდები“ ანა აბაშიძის სიტყვებით, ეხება სხვადასხვა დროს ჩადენილ, როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებს. თუმცა ეს მასალა ჯერ დამუშავების ეტაპზეა და ამიტომ უცნობია, აისახება თუ არა ის ბრალდების შინაარსში.

ანა აბაშიძე

ამ ეტაპზე, როგორც ანა აბაშიძე გვეუბნება, სასამართლოს განჩინებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ეკრძალება ბავშვის ფიზიკური მონახულება.

საქმეში ასევე არსებობს ბავშვზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, სოციალური სამსახურის მოსაზრებაც, რომელიც ამ სამსახურმა ორდერების განხილვის პროცესის დროს დააფიქსირა: სანამ საგამოძიებო პერიოდი არ ჩაივლის და საქმე არ დასრულდება, ბავშვისთვის რეკომენდებული არ არის არც მამასთან და არც მამის ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია.

ეს რეკომენდაცია ამ ეტაპზე სრულდება და როგორც ანა აბაშიძე ამბობს, მისი დარღვევის მცდელობა არ ყოფილა.

ნელი დოროყაშვილის ადვოკატს ასევე ვკითხეთ, რით ხსნის იმ ფაქტს, რომ ბასილაშვილის დაცვის მხარემ არ გაასაჩივრა შემაკავებელი ორდერები სააპელაციო სასამართლოში. ანა აბაშიძის მოსაზრება ამ საკითხზე შემდეგია:

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადვოკატებმა ზუსტად იციან, რომ მოხდა ოჯახში ძალადობა. იცოდნენ ისიც, რომ, როგორც სასამართლომ დატოვა ძალაში მათ მიერ გასაჩივრებული შემაკავებელი ორდერები, ისე წააგებდნენ პროცესს სააპელაციო სასამართლოშიც. და რადგან, მათი მთავარი კოზირი საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებით თამაშია, ჩათვალეს, რომ მეორედ წაგება მათ ერთადერთ სტრატეგიას სრულად ჩამოშლიდა. მხარდამჭერების რაოდენობა ხომ მაშინ მცირდება, როცა ხალხო ხედავს, რომ ქალი სამართლებრივად ამტკიცებს თავის სიმართლეს. ამიტომაც, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ მათ გადაწყვიტეს, ეს დარტყმა აღარ მიეღოთ“.

იგივე ვკითხეთ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს, ირმა ჭკადუასაც. მან გვიპასუხა, რომ ამ ორდერს ისედაც დაკარგული ჰქონდა ძალა ვადის გასვლის გამო. "ის არ იყო ვალიდური" და შესაბამისად, არც მის გასაჩივრებას ჰქონდა აზრი.

ნელი დოროყაშვილის და მისი ადვოკატების მხრიდან ამ თემის წინ წამოწევა, ჭკადუას შეფასებით, მხოლოდ პრესაში გამოჩენის და „სპეკულაციის მცდელობაა“.

ირმა ჭკადუა

რადიო თავისუფლებას ადვოკატთან საქმესთან დაკავშირებული რამდენიმე სხვა კითხვაც ჰქონდა, თუმცა, ირმა ჭკადუამ გვიპასუხა, რომ დამატებით ამ საკითხზე მხოლოდ ბასილაშვილთან შეთანხმების შემდეგ ილაპარაკებს. მან ხოლოდ ის გვითხრა, რომ ჩოგბურთელი არ აპირებს თავისი შვილის დედასთან ბრძოლას და ამით ყველაფერი ნათქვამია.

“ჩვენ ნიკა ბასილაშვილს დავიცავთ სასამართლო დარბაზში და არა საჯარო განხილვებში“, - უთხრა ირმა ჭკადუამ რადიო თავისუფლებას.

ასევე ნახეთ ბასილაშვილის უფლებამცველები: ვიდეოჩანაწერი მას მცდარი ბრალდებებისგან ათავისუფლებს

მედიასთან არ საუბრობს არც თავად ნიკოლოზ ბასილაშვილი (მან მხოლოდ ერთი საჯარო წერილობითი განცხადება გააკეთა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე).

დუმს ნელი დოროყაშვილიც.

როგორც მისი ინტერესების დამცველმა, ანა აბაშიძემ გვითხრა, ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ყოველ გამოჩენას მედიაში, არა მხოლოდ მისი, არამედ მისი დამცველი ქალების მიმართაც მყისიერად მოსდევს აგრესიული კამპანია, რომლის მოგერიებაც არც ისე მარტივია.

ანა აბაშიძე ამბობს, რომ ბასილაშვილი-დოროყაშვილის სასამართლო დავამ რამდენიმე საყურადღებო ტენდენცია გამოკვეთა.

ამ ამბის გახმაურების პირველ ეტაპზე, პრაქტიკულად, ყველა მედია ბრძოლა წაგებული იყო, რადგან, ადვოკატის თქმით, არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ, კონკრეტული პროფესიული წრეებიც მოექცნენ სტერეოტიპების ზეგავლენის ქვეშ.

ასევე ნახეთ რა ხდება, როცა ქალი ოჯახში ძალადობაზე იწყებს ლაპარაკს - ცნობილი ჩოგბურთელი ბრალდებულის სკამზე

ანა აბაშიძე იხსენებს, რომ მკაფიო მხარდაჭერა ჩოგბურთის ვარსკვლავის მიმართ ღიად იგრძნობოდა ჟურნალისტების ტექსტებშიც, რის გამოც მათ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც უჩივლეს.

ამ ფაქტის შემდეგ, როგორც ადვოკატი ამბობს, სუბიექტური შეტევა ნელი დოროყაშვილზე, როგორც ქალზე, შედარებით შემსუბუქდა, თუმცა მედიის მიღმა, ეს შეტევა ძლიერდება ყოველ ჯერზე, როცა საკითხი აქტიურდება.

თუ სოციალურ ქსელს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ იმ პერიოდში ფეისბუკში ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერი არაერთი საჯარო პოსტი ვრცელდება. მას მხარდაჭერას უცხადებენ სპორტსმენები, მომღერლები და სხვა პროფესიის ცნობილი ადამიანები, შესავლით: ძალადობა დასაგმობია, მაგრამ...

ერთ-ერთ ასეთ საჯარო პოსტში, მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ ბასილაშვილზე:

„სწორება აქვს აღებული ქართული ჩოგბურთის ახალგაზრდა თაობას, ის მათი კუმირია...ვთქვათ და ბასილაშვილი გამართლდეს, მისი სახელი უკვე შებღალული იქნება, განსაკუთრებით, საქართველოში, სადაც მერწმუნეთ, იტყვიან, - ცოლი გალახა და შემდეგ სასამართლო გამაზაო...
ეს წინასწარი ინფორმაცია და აჟიოტაჟი კი არავის არაფერს აძლევს, გარდა ზედმეტი მითქმა-მოთქმისა და ჭორების საბაბისა“...

სხვა საჯარო პოსტში ვკითხულობთ:

ბასილაშვილს ჰქონდა საუკეთესო წინა სეზონი კარიერაში, რომ გზადაგზა რუსი მეტოქეებიც გაამწარა და რომ მოსკოვის ინტერესებში ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდა და სპორტული წარმატებები არ შედის“ და რომ სათანადოდ მოემზადნენ ასეთი სცენარისთვის: „ქალი მას აბრალებს ცემას, ასეთი კუშისთვის ერთი ცემის ატანა კი ღირს და კი მოიძებნებოდა ვინმე მთავარია ოქმში ჩანაწერი“.

საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგნის ოჯახში ძალადობაში დადანაშაულების ამბავს არაერთი მსგავსი გამოხმაურება მოჰყა. და როგორც ანა აბაშიძე ამბობს, ეს საქმე, ოჯახში ძალადობის სხვა საქმეებთან შედარებით განსაკუთრებით რთული იმიტომაც გამოდგა, რომ ხელი ბასილაშვილს დაადეს.

"ისედაც ხომ ვიცით, რომ ქალსა და კაცს შორის დავის დროს არასოდეს არის თანაბარი მხარდაჭერის ხარისხი და ამ შემთხვევაში საერთოდ, ლამის ეროვნული ავტორიტეტის მქონე ადამიანზეა საუბარი. შეუძლებელი იყო იმ ზღვა ინფორმაციის გადაწონა, იმ უხამსობის და ტყუილის, რაც ვრცელდებოდა ნელი დოროყაშვილის და ჩვენს მიმართ. ამ ომს ვერასდროს მოიგებ, რადგან მოსახლეობის კრიტიკული მასა ცალსახად მხარს უჭერს მოძალადეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ის მამაკაცია, ის ცნობილი მამაკაცია, ის შეძლებული მამაკაცია. ამიტომ გავხდით იძულებულები, რომ ჩვენი ძალა სამართლებრივი ბრძოლისკენ მიგვემართა და დღესაც ერთადერთი იმედი არის სამართლებრივი ინსტიტუციები - გამოძიება და სასამართლო“.

ანა აბაშიძე ასევე ამბობს, რომ ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც პრეცედენტს, საქართველოში ელის არაერთი ქალი, ვინც დღეს ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და ხედავს, რა გზას გადის სხვა ქალი, რომელმაც ამ ძალადობაზე ხმამაღლა ლაპარაკი გაბედა.