რუსთავში გაიმართა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი მედპერსონალის მხარდასაჭერად

რუსთავში რეგისტრირებულმა "მშრომელთა სოლიდარობის კავშირმა" 21 ივლისს რუსთავის ქუჩებში აქცია-პერფორმანსი მოაწყო ქალაქის სამშობიარო სახლის მედპერსონალის მხარდასაჭერად.

აქციის მონაწილეთა მტკიცებით, სამშობიარო სახლის ადმინისტრაციას თანამშრომლების მიმართ ცხრათვიანი სახელფასო დავალიანება აქვს.

"ამას გვეუბნებიან თავად თანამშრომლები, მაგრამ ხმამაღლა თქმას ერიდებიან იმის შიშით, რომ გაათავისუფლებენ სამსახურიდან. ამიტომ აქციის დროს მოვიარეთ ქალაქი. გადაცმულ სამედიცინო ხალათებზე მოქალაქეები აკეთებდნენ წარწერებს - მხარს უჭერდნენ მედპერსონალს და ითხოვდნენ მათთვის ხელფასების დარიცხვას", - უთხრა რადიო თავისუფლებას ილია ლობჟანიძემ, მშრომელთა სოლიდარობის კავშირის თანადამფუძნებელმა.

აქციის დასასრულს მონაწილეები წარწერებით აჭრელებული ხალათებით სამშობიარო სახლის ეზოში მივიდნენ, შენობის წინ თოკი გააბეს და ხალათებიც ზედ დემონსტრაციულად ჩამოკიდეს.

ტერიტორიაზე კამათიც მოხდა მას შემდეგ, რაც სამშობიარო სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აქციის მონაწილეებს სამედიცინო ხალათების ჩამოხსნა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.

მშრომელთა სოლიდარობის კავშირის წევრმა, გიორგი ტყემალაძემ, სამშობიარო სახლის დირექციას შეახსენა ერთი თვის წინ გაგზავნილი წერილი, სადაც ითხოვდა ინფორმაციას სახელფასო დავალიანების შესახებ, თუმცა ოფიციალური პასუხი მხოლოდ დღეს მიიღო. მასში წერია, რომ ვინაიდან სამშობიარო სახლი კერძო კლინიკაა და მოთხოვნილი ინფორმაცია არის კომერციული ხასიათის, ამდენად, ის კონფიდენციალურია და არ გაიცემა.