უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალური ეტაპი წუხელ გამართული ორი შეხვედრით დასრულდა და მეოთხედფინალის ბოლო ორი საგზური „ბარსელონამ“ და მიუნხენის „ბაიერნმა“ მოიპოვეს.
„ბარსელონამ“ „ნოუ კამპზე“ „ნაპოლის“ უმასპინძლა და 3:1 მოუგო. ორი მატჩის ჯამში კატალონიელებმა მეტოქეს 4:2 აჯობეს და მეოთხედფინალში „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან.
მიუნხენელებმა ლონდონის „ჩელსი“ ჯერ კიდევ პანდემიამდე გამართულ პირველ მატჩში დაამარცხეს - სტუმრად მოუგეს 3:0. საპასუხო შეხვედრაც „ბაიერნის“ უპირატესობით წარიმართა და მასპინძლებმა ისევ სამბურთიანი უპირატესობით გაიმარჯვეს - 4:1.
უეფას გადაწყვეტილებით, ჩემპიონთა ლიგის შემდგომ რაუნდებში, გამარჯვებულები მხოლოდ თითო თამაშით გამოვლინდებიან. მეოთხედფინალებს მომდევნო კვირაში ლისაბონი უმასპინძლებს (12 აგვისტო: „ატალანტა“ – „პარი სენ-ჟერმენი“; 13 აგვისტო: „ლაიპციგი“ – „ატლეტიკო“; 14 აგვისტო: „ბარსელონა“ – „ბაიერნი“; 15 აგვისტო: „მანჩესტერ სიტი“ – „ლიონი“).