დედისთვის ჩამორთმეული ბავშვები: არქმევს თუ არა სახელმწიფო ღარიბებს მოძალადის სახელს?

Georgia -- poverty

„მარტო ერთი ოცნება მაქვს, ჩემი შვილები დავიბრუნო“.

დედას, რომელიც ამ სიტყვებს ამბობს (არც მის და არც ბავშვების ვინაობას, მათივე ინტერესების გამო, ღიად არ ვასახელებთ), უკვე ხუთი თვეა, თავისი ორი შვილი - 11 წლის ბიჭი და 17 წლის გოგო არ უნახავს.

ბავშვები წელიწად-ნახევარია, რაც დედას დააშორეს და თბილისიდან შორს, რეგიონში გადაიყვანეს, მინდობით აღზრდაში.

„წარმოიდგინეთ, რომ გაღარიბდეთ და ამის გამო თქვენგან შვილი წაიყვანონ. ეს გამოსავალი კი არა, დანაშაულია“, - გვეუბნება ადვოკატი ანა არგანაშვილი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩაჰყურებს, სადაც წერია, „ბავშვები უგულვებელყოფის მსხვერპლები გახდნენ და საჭიროებენ განთავსებას სახელმწიფო მზრუნველობაში“.

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, სადაც ანა მუშაობს, საქმეში ახლახან ჩაერთო. ანა ბავშვის უფლებებს იცავს. მიზანი 17 და 11 წლის და-ძმის დედასთან დაბრუნებაა.

ამბავი 2017 წელს დაიწყო, როცა ჯერ სკოლამ იჩივლა, ბავშვები გაკვეთილებს აცდენენო. აღმოჩნდა, რომ მართლა ასე იყო, და-ძმა სახლიდან გადიოდა, გარეთ იმალებოდნენ, სკოლის დასრულების დროს კი შინ ბრუნდებოდნენ. დედა ამის მიზეზად ხან ფეხსაცმლის და ტანსაცმლის არქონას, ხან უგზოობას და ხან ავადმყოფობას ასახელებდა. საქმეში სოციალური მუშაკიც ჩაერთო. ბოლოს კი ყველაფერი სასამართლოთი დაგვირგვინდა.

ეს ღარიბი ოჯახია. ქალი - მარტოხელა დედაა. 4 შვილი ჰყავს. უფროსი - სრულწლოვანია, რომელიც უკვე მუშაობს და ოჯახს ეხმარება. დედას დროებითი სამუშაო აქვს, სახლებს და სადარბაზოებს ალაგებს ხოლმე. ამ არასტაბილურ შემოსავალს სოციალური დახმარებაც ემატება.

სიღარიბე მათ საცხოვრებელსაც ეტყობა.

ფიცრულს, რომელიც ვაგონს უერთდება, გარს ხრიოკი მიწა და ელექტროანძები აკრავს. გამხმარ ბუჩქებზე შერჩენილ ფერად ცელოფნებს ქარი აფრიალებს. ხეები მხოლოდ სახელდახელოდ შეკოწიწებულ ბარაკებთან ხარობენ, სადაც თვითნებურად დასახლებული ადამიანები ცხოვრობენ.

ეს იაფი თავშესაფარია. შეიძლება 50 ლარადაც იქირაო ადგილი. ხოლო თუ გაგიმართლა და 400 ლარად ვაგონიც იშოვე, აღარ დაგაწვიმს. კომფორტული არ არის, სამაგიეროდ, შენია.

ბოლო ექვსი წელია აქ ცხოვრობენ.

ადრე უფრო უჭირდათ, აბაზანა არ ჰქონდათ, დედა წყალს ბიდონებით ეზიდებოდა და გაჭირვებით იბანდნენ. ტუალეტი გარეთ იყო, მოშორებით.

„ვიცი, ეს არ იყო კარგი პირობები. შეშის „ფეჩით“ ვთბებოდით და ალბათ, ჩვენს ტანსაცმელსაც ასდიოდა სუნი. მაგრამ რაც შემეძლო, ვაკეთებდი. ახლა სხვების დახმარებით ტუალეტი და აბაზანაც ავაშენეთ. წყალიც არის. შუქიც, ინტერნეტიც. მაგრამ ჩემი შვილები არ არიან“.

შუათანა ორ შვილს გულისხმობს. უფროსი და უმცროსი მასთან ცხოვრობენ.

უფროსი ახლა სამსახურშია. პატარა ბიჭი კი მაცივრის უკან იმალება. მისთვის უცხოები ვართ და გვერიდება. მაგრამ ცოტა ხანში მოკლე დიალოგზე თანახმაა.

- მოდი რამე დავხატოთ.

- სად, აბა.

- მაგალითად... ცაზე.

- ეეე. ცას ვერ მისწვდები.

მერე მიდის და დიდი ხნის უნახავი და-ძმის ფოტოებს გვაჩვენებს.

„უჩემოდ არ იძინებს, - ამბობს დედამისი, - ისინიც ასე იყვნენ. მე და ჩემს გოგოს სულ ჩახუტებულებს გვეძინა. ბიჭი რომ მირეკავს, სულ ტირის. შენთან მინდაო. მეც ასე ვარ. ვიძინებ - ვტირი, ვიღვიძებ - ვტირი. მენატრებიან“.

მარტის მერე მხოლოდ ტელეფონით ელაპარაკება შვილებს. პანდემიის გამო ბავშვებთან ვეღარ წავიდა. დღეში რამდენჯერმე ურეკავს, რომ მათი ხმა გაიგონოს.

თბილისიდან იქ მათ სანახავად ჩასვლა, ერთი გზა, 150 ლარი უჯდება - ტაქსი უნდა დაიქირაოს, რომ იმავე დღეს, უკან დაბრუნდეს და ბავშვები რამდენიმე დღით სახლში წამოიყვანოს. ეგეც ხარჯი - 300 ლარი. ზოგჯერ 300 ლარისთვის მთელი თვე უნდა იმუშაოს, ხან მაგდენიც არ გამოსდის.

სოციალურმა მუშაკმა ბავშვებს უთხრა, რომ წელიწადში 20 დღე აქვთ დედის სანახავად. საიდან მოვიდა ეს 20 დღე? კანონში წერია? ანა არგანაშვილს ვეკითხებით.

„არა, არ წერია. არასწორად კითხულობენ კანონს. კანონში წერია, რომ ბავშვები შეუძლიათ მინდობით აღზრდიდან გაიყვანონ არდადეგებზე, უქმე დღეებზე და ეს გაყვანა არავითარ შემთხვევაში არ არის დღეებით შეზღუდული. ვერ იქნება დღეებით შეზღუდული, რადგან 20 დღით თუ შეიზღუდა დედის და შვილების ურთიერთობა, მაშინ, ფაქტობრივად, სახელმწიფო არღვევს მათ უფლებას - იყვნენ ოჯახი, არღვევს მინდობით აღზრდის სულისკვეთებას და იწვევს ბავშვების და დედის გაუცხოებას. 20-დღიანი შეზღუდვა სხვა პირებს ეხებათ და სააგენტო არასწორად კითხულობს ამ ჩანაწერს“.

თუ ასეა, ეს დანაშაულია, - გვეუბნება ანდრო დადიანიც, ბავშვთა დაცვის სისტემების სპეციალისტი.

რადგან ბავშვებს ასე უთხრეს, ასეც სჯერათ - გოგო დღეებს იზოგავს, რომ ახალ წელს დედასთან შეხვდეს. წელს ამ გათვლებით 15 დღე აქვს დარჩენილი.

სახლიდან წაყვანა

დედა იხსენებს, როგორ მოვიდა იმ დღეს პატრულის ექვსი ეკიპაჟი, როგორ გამოუწერეს მას შემაკავებელი ორდერი და როგორ წაიყვანეს ბავშვები.

მანამდე მათი პირობები სოციალურმა მუშაკმაც ნახა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ პირობები უნდა გამოესწორებინა.

ოჯახს „ვორლდ ვიჟენის“ სადღეღამისო ცენტრის სერვისიც შესთავაზეს, სადაც ბავშვებს სკოლის შემდეგ მეცადინეობა შეეძლოთ და პირობებიც უკეთესი ექნებოდათ. თავიდან მხოლოდ დღის მანძილზე რჩებოდნენ. მერე უთხრეს, რომ ღამეც იქ უნდა დაეტოვებინათ.

„ერთი ღამე დავტოვე, მაგრამ ვერ გავძელი. და წამოვიყვანე ჩემი შვილები. მერე დაიწყო პრობლემები... ერთ-ერთ ბავშვს ძაღლისგან დაავადება გადაედო, ექიმთან წავიყვანე, როცა მივხვდი, მაგრამ მითხრეს, არ უვლიო. და ისევ წაიყვანეს სადღეღამისო ცენტრში. შაბათ-კვირას მომყავდა ხოლმე სახლში. მაგრამ მაშინ ახლოს მაინც იყო. მერე კი ორივე თბილისიდან გადაიყვანეს“.

დედას დაავალეს, რომ პირობები უკეთესობისკენ შეეცვალა.

ოღონდ იმ პერიოდში, როცა ორი შვილი მისგან განაცალკევეს, მათი კუთვნილი სოციალური დახმარებაც მოეხსნა.

„პატარას ვერსად ვტოვებდი, რომ მემუშავა. ეს დახმარებაც აღარ მქონდა. არ ვიცი, როგორ უნდა გამეუმჯობესებინა პირობები. მართლა არ ვიცოდი“.

ერთი წლის წინ, ახლობლის დახმარებით, ადვოკატი იპოვა. მისი ჰონორარიც როგორღაც შეაკოწიწეს, თითქოს საქმე დაიძრა, რომ ბავშვები დაებრუნებინა, მაგრამ უშედეგოდ.

„გოგო მეუბნება, დედა, რამე გააკეთე, აქედან წამიყვანეო“.

"ჩვენ, ერთმანეთს ავცდით. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია“

პირველი, რაც ანამ შვილებჩამორთმეულ დედას ჰკითხა, ოდესმე ბავშვებზე თუ გიძალადიათ თქვენს ან ვინმეს სახლშიო? არა, არასოდესო, იყო პასუხი. მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას თუ ემუქრებოდა საფრთხეო? ისევ უარი მიიღო.

ეს სწორედ ის მიზეზებია, როს გამოც სახელმწიფოს აქვს უფლება, ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანოს მისივე უფლებების დაცვის მიზნით.

2017 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებაში, დედისთვის შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზეზად წერია, რომ:

  • ოჯახს არ გააჩნია სათანადო პირობები.
  • ბავშვები ვერ იღებენ სამედიცინო მომსახურებას.
  • არ იკვებებიან ნუტრიციულად დაბალანსებული საკვებით, რაც აუცილებელია მათი განვითარებისათვის.
  • არადამაკმაყოფილებელია არასრულწლოვანთა პირადი და საცხოვრებელი ჰიგიენური მდგომარეობა.
  • ბავშვები სისტემატურად აცდენენ სკოლას....

და ბოლოს დასკვნა: ბავშვები არიან უგულვებელყოფის მსხვერპლნი და საჭიროებენ განთავსებას სახელმწიფო მზრუნველობაში. და რომ უნდა მოხდეს „მოძალადის არასრულწლოვნისგან განცალკევება“.

რატომ არის დედა მოძალადე? რადგან ღარიბია? მშობლის უფლებას უზღუდავ, რადგან ფეხსაცმელი ვერ უყიდა? „სათანადო მშობლური უნარები“ არა აქვს თურმე. ვინმემ აუხსნა მას, რა არის ეს უნარები? ამ კითხვებს ანა არგანაშვილი სვამს და განაგრძობს:

„დედამ ვერაფერი ვერ გაიგო ტექსტში, რაც მას წინ დაუდეს და ხელი მოაწერა ამას: „მოპასუხე ეთანხმება მოთხოვნას მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ“. წარმოგიდგენიათ? ის დაეთანხმა, რომ ცუდი მშობელია. სინამდვილეში, ის უბრალოდ ვერ შეეწინააღმდეგა, ვერ გაიგო. ვერაფერი თქვა. და რა მივიღეთ? ის, რომ ჩვენ ვძალადობთ ღარიბზე და მას ვეძახით მოძალადეს.

და სანამ მდიდრულ სასტუმროებში, მდიდრულ კონფერენციებზე ამ თემებზე ვმსჯელობთ, ამასობაში ბავშვი, რომელსაც მე ვიცავ, გამოსავალს ვერ პოულობს. ხოლო მის დედას არ ესმის, რა არის „სქილები“, როგორ უნდა დაწეროს განცხადება, არ იცის, რა არის იმეილი. მან არ იცის ეს. და არც არავინ უხსნის მათ ამას. ჩვენ ავცდით. ჩვენს შორის დიდი უფსკრულია და ეს პრობლემა ასე ვერ მოგვარდება“.

ანა არგანაშვილი ახლა დავობს სახელმწიფოსთან და ფიქრობს, რომ ბავშვის უფლებები დაარღვია არა მხოლოდ ცალკეულმა სოციალურმა მუშაკმა, არამედ მთელმა სისტემამ.

„მე დღეს ვედავები სახელმწიფოს. მე მინდა, რომ ამ სახელმწიფომ სოციალურ მუშაკს მისცეს შესაძლებლობა, რომ მან დაიცვას ასეთი ოჯახები, მაგრამ არა ბავშვების ჩამორთმევით“.

კანონი ამბობს, რომ არ შეიძლება ბავშვის ოჯახიდან დაშორება სიღარიბის გამო. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახელმწიფო შეეცადა, ის სიღარიბიდან ამოეყვანა და ამაზე უარი მიიღო.

„მაგრამ რამდენიმეთვიანი თავშესაფრის შეთავაზება ღარიბი დედისთვის არ არის სიღარიბიდან ამოყვანა!“

სასამართლოს არც ერთ გადაწყვეტილებაში, ამბობს ანა, არ არის გამოკვლეული, შეეძლო თუ არა დედას ეყიდა შვილისთვის ახალი ფეხსაცმელი, თუ ის დახეულით დადიოდა.

„ბავშვის განცალკევებით ოჯახები ვერ გაძლიერდება, ამას სჭირდება დიდი შრომა. დიდი უთანასწორობების აღიარება. სიმართლე ეს არის - ჩვენ ხალხი დაგვრჩა სიღარიბეში, ჩვენ კი ვისწავლეთ, წინ წავედით და ახლა ვეუბნებით მათ, ვერ ააყოლე ფეხი თანამედროვეობას? მაშინ დაგჩაგრავ.

ჩვენ ავაწყვეთ საერთაშორისო ვალდებულებებზე მორგებული ინსტიტუტები, გადავამზადეთ სპეციალისტები, ვისწავლეთ რაღაც უცხოური ტერმინები, მერე მივედით ამ გაჭირვებულ ხალხთან და გამოვუცხადეთ: თქვენი მშობლის უნარები ვერ აკმაყოფილებს მინიმალურ სტანდარტს!

რა მინიმალური სტანდარტი? რა უნდა დავაკმაყოფილო? რა მშობლის უნარები? ვერაფერი გაიგო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მათთვის ეს არ აგვიხსნია“.

ანა ამბობს, რომ მასთან მისულ მშობლებს უბრალოდ არ ესმით, რას ელაპარაკება მათ სახელმწიფო:

„მე ვეუბნები, მოდი, დავწეროთ განცხადება! მოდი, მივმართოთ იმას, გავასაჩივროთ ეს.

დედა ზის და კალამს ხელში ათამაშებს. ფურცელზე? მერე ჩუმად მეკითხება. მან არ იცის განცხადების დაწერა. მე კი მგონია, რომ არ მეთანამშრომლება. აი, ასე ჰგონიათ სოცმუშაკებს, რომ ეს დედები მათ არ ეთანამშრომლებიან. სინამდვილეში, მათ უბრალოდ არ იციან.

და რადგან არ იციან, ადვილია, მათ შვილები ჩამოვართვათ“.

კრიტიკული კითხვები

  • თუ ოჯახს უჭირდა, სახელმწიფოს შეეძლო მაშინვე გაეუმჯობესებინა მათი მდგომარეობა და ეს ბავშვები უფრო ადრე დაებრუნებინა დედისთვის, რატომ არ გააკეთა ეს?
  • ბავშვების გაყვანის შემდეგ რა გააკეთა სახელმწიფომ, რომ დედა მოძლიერებულიყო?
  • რატომ იცის ბავშვმა, რომ მხოლოდ 20 დღე აქვს წელიწადში დედის ნახვის უფლება?
  • რატომ წაიყვანეს ბავშვები შორს, რეგიონში, დედისგან ასე მოშორებით?
  • როდის აპირებენ დაბრუნებას? აქვთ დედლაინი, როდის დააბრუნებენ ბავშვებს?

ეს კი ანდრო დადიანის კითხვებია, რომელიც გვეუბნება, რომ დანაშაულია სიღარიბის გამო დედისთვის ბავშვების ჩამორთმევა:

„და ამას ამბობს გაეროს უახლესი რეზოლუცია, რომელიც მშობლის მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ეხება. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ბავშვი შეიძლება ოჯახს ჩამოართვა, არის ის, თუ ბავშვის სიცოცხლეს, მის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება“.

ბავშვთა დაცვის სისტემების სპეციალისტი გვიხსნის, რომ პირველი რგოლი, ვინც ასეთ ვითარებაში დედას ეხმარება, სოციალური მუშაკია. მაგრამ საქართველოში კარგი სოციალური მუშაკობა ნიშნავს, რომ ეს შენი რესურსის ხარჯზე უნდა აკეთო.

„წესით, სისტემა ასე მუშაობს: მე, როგორ სოცმუშაკმა, უნდა ვთქვა, რომ მაქსიმუმი შევთავაზე, მაგრამ მშობელს ეს არ აინტერესებს. მაშინ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ არ აინტერესებს? იქნებ მას არ ესმის რაზეა ლაპარაკი? მერე, ვცდილობ, ჩავრთო პროცესში ნათესავები, მოვძებნო სხვა გზები, დავიხმარო არასამთავრობო სექტორი. თუ რამდენიმე მცდელობაც არ ჭრის, ვხედავ, რომ ეს მშობელი ნამდვილად არ არის დაინტერესებული თავისი შვილის კარგად ყოფნით, მერე დგება საკითხი ბავშვის ოჯახიდან გაყვანის. სხვა შემთხვევაში, სოციალური მუშაკი ვალდებულია, დაეხმაროს ამ მშობელს, გახდეს უკეთესი მშობელი“.

ანდრო დადიანი ხაზს უსვამს, რომ ვსაუბრობთ ისეთ შემთხვევაზე, სადაც არ არის ძალადობა.

იქ, სადაც მშობელი ძალადობს შვილზე, სცემს მას, არ იღებს დახმარებას და არ ადარდებს პირობების გაუმჯობესება, ხოლო სოციალური მუშაკი ხედავს, რომ იქ ბავშვი ვერ გადარჩება, ცხადია, ასეთ დროს, ჯერ უნდა უშველო ბავშვს და შემდეგ დააკვირდე, ცდილობს თუ არა მშობელი გამოასწოროს ვითარება.

თუ სახელმწიფო მშობელს არ სთავაზობს რეალურ დახმარებას გასაძლიერებლად, ბავშვებსაც წირავს სრულწლოვანებამდე სახელმწიფო ზრუნვაში დასარჩენად.

„ეს არ არის ოჯახის მდგომარეობის გაუმჯობესება, - ამბობს ანდრო დადიანი, - მაგრამ, ისევ და ისევ, სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ისეა ყველაფერი მოწყობილი, რომ სოციალურმა მუშაკმა კარგად ვერ იმუშაოს. რაც უფრო კარგად მუშაობს ის, მით უფრო ნაკლები ფული მიაქვს სახლში. ეს შესაცვლელია, ამას უნდა ხედავდეს სახელმწიფო“.

რა პასუხი აქვს სახელმწიფოს?

ამ შემთხვევაში კი, კონკრეტულად, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს?

რადიო თავისუფლება ორი დღეა მათგან პასუხს ელის.

ჩვენ გვაინტერესებს როგორც მათი პოზიცია და არგუმენტები ამ კონკრეტულ ამბავზე, ასევე ის, თუ როდის დააბრუნებენ ბავშვებს დედასთან. რა კონკრეტული დახმარება შესთავაზა სახელმწიფომ ამ ოჯახს და რა პასუხი აქვთ ბავშვის ინტერესების დამცველის არგუმენტზე, რომ ბავშვები დედას რეალურად არა ძალადობის, არამედ სიღარიბის გამო დააშორეს?

ჩვენ ველით პასუხს.

მანამდე კი ჩავხედოთ სახალხო დამცველის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის 324-ე გვერდს, სადაც ვკითხულობთ:

„კვლავ პრობლემურია არასრულწლოვნების სახელმწიფო ზრუნვაში სიღარიბის საფუძვლით განთავსების საკითხი. მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის საფუძვლით განთავსდა ბავშვების 18.4%, ძალადობის საფუძვლით - 72.8%, ბავშვის ქცევის მიზეზით - 2%, მშობლისგან მიტოვების შედეგად - 5.2%, ჯანმრთელობის პრობლემების გამო კი - 1.6%“.

ამავე ანგარიშში სახალხო დამცველი წერს, რომ 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში 465 არასრულწლოვანი განთავსდა.

როგორ ცხოვრობენ მინდობით აღზრდაში ბავშვები და გაამართლა თუ არა ამ სისტემამ, ეს უკვე სხვა სტატიის თემაა.