"ღირსეული პარტნიორის" მონაწილე ამერიკელი სამხედროები საქართველოში არიან

საქართველოში ჩამოვიდნენ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის მონაწილე ამერიკელები - შეერთებული შტატების მე-2 საკავალერიო პოლკის სამხედროები და სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა.

„ღირსეული პარტნიორი“ ოფიციალურად 7 სექტემბერს გაიხსნება. დღეს, 1 სექტემბერს კი, ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე გაიმართება აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის ქვედანაყოფების საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლება.

საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“, რომელიც წელს მეხუთედ ტარდება, მონაწილეობას მიიღებს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო. უცხოელი სამხედროები საქართველოში ეტაპობრივად ჩამოვლენ.

მრავალეროვნული სწავლება 7-18 სექტემბერს გაიმართება ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, ვაზიანის პოლიგონსა და ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების მიზანია საქართველოს, აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა. სწავლების მთავარი გზავნილია: „ძალა პარტნიორობაშია“.

საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ჯავშანტექნიკის, საბრძოლო მანქანებისა და საარტილერიო სისტემების გარდა, სწავლებაში ჩართული იქნება ამერიკის შეერთებული შტატების საფრენი საშუალებები და ჯავშანტექნიკა.

მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით და სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში.