„გურიის რესპუბლიკის“ "მეფე და პრეზიდენტი": ბენია ჩხიკვიშვილის ამბავი ერთ წიგნად

ბენიამინ (ბენია - როგორც მას შემოკლებით ეძახდნენ) ჩხიკვიშვილი - ცნობილი რევოლუციონერი გურიიდან, „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტი ან მეფე, როგორც მას ხანდახან მოიხსენიებდნენ, საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამორჩეული მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, 1924 წლის აჯანყების მონაწილე და ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც ამავე წელს დახვრიტეს კიდეც - კაცი, რომელიც სხვადასხვა დროს იყო საქართველოს მთავრობის კომისარი სოხუმის ოლქში, დამფუძნებელი კრების წევრი და თბილისის ქალაქის თავი, ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორი... სწორედ მისი თავგადასავალი და ჩვენამდე შემორჩენილი დოკუმენტური მასალა გააერთიანა ირაკლი მახარაძის ავტორობით გამოსულმა მემორიალურმა ალბომმა, რომელიც წელს გამოსცა „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა“ (IDFI).

და რომლის შესახებაც, რადიო თავისუფლების გადაცემა „დილის საუბრებში“ ამ ცოტა ხნის წინ ვრცლად ისაუბრა წიგნის რედაქტორმა, IDFI-ს საარქივო, საბჭოთა და მეხსიერების კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა ანტონ ვაჭარაძემ.

ასევე ნახეთ 1918-1921 - "არ იყვნენ შემთხვევით მოსულები და იცოდნენ რისი მიღწევა სურდათ"

ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი

1900-იანი წლების დასაწყისში, ბენიამინ (ბენია) ჩხიკვიშვილი გურიაში დაწყებული გლეხთა რევოლუციური მოძრაობის სათავეში იდგა. ხოლო როცა მცირე ხნით, მაგრამ მაინც, „გურიის რესპუბლიკა“ შეიქმნა, ბენიას მის "პრეზიდენტად" ან "მეფედაც" კი მოიხსენიებდნენ.

წიგნის ავტორს, ირაკლი მახარაძე იშველიებს ამონარიდს 1904 წელს კავკასიის მეფისნაცვლის მიერ პეტერბურგში გაგზავნილ მოხსენებიდან, სადაც ასეთი რამ წერია:

„არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ გურულები არიან მთელს კავკასიაში რევოლუციური მოძრაობის განვითარების ავანგარდში. მათ 1904 წლის დასაწყისიდან მიზნად დაისახეს თავიანთი სოციალ-დემოკრატიული კლასთა თანასწორუფლებიანობის იდეების ცხოვრებაში გატარება, კაპიტალიზმის განადგურება და არსებული წესწყობილების შეცვლა დაშინების, ძალმომრეობის და ტერორის სახით”.

ბენიაც ამ პროცესის ნაწილი იყო.

ჩვენამდე შემორჩენილ ამ ფოტოზე სწორედ გურულ რევოლუციონერებს ხედავთ, მატ შორისა, იაგორ ბოლქვაძეს, ბენია ჩხიკვიშვილსა და გიორგი შილაკაძეს.

გურული მეამბოხეები საბოლოოდ კი დამარცხდნენ, მაგრამ როგორც წიგნის ავტორი წერს, "გურიის რესპუბლიკა" გლეხთა მოძრაობის ისტორიაში უნიკალური მოვლენად დარჩა, რომელსაც, თურმე, პარიზის კომუნასაც (თვითგამოცხადებული სოციალისტური მთავრობა, რომელიც პარიზს მართავდა 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისამდე. 21 მაისიდან საფრანგეთის რეგულარულმა არმიამ კომუნას მოუწყო ე.წ. `სისხლიანი კვირა” და მათი გამოსვლა ჩაახშ) ადარებდნენ.

თავად ბენია ჩხიკვიშვილი 1880 წლის იანვარში დაბადებულა, სოფელ საყვავისტყეში, ღარიბი აზნაურის ოჯახში.

ეს კი გურიის ეპარქიის სოფელ ციხის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის მეტრიკული წიგნია:

ბენია ჩხიკვიშვილს სწავლა ქუთაისის სამეურნეო სასწავლებელში გაუგრძელებია, მაგრამ არალეგალურ გამოცემაში მონაწილეობის გამო, 1900 წელს ბოლო კლასიდან გაურიცხავთ. ერთხანს მასწავლებლობდა, მერე კი, გლეხთა მოძრაობას დაუჭირა მხარი და მისი რევოლუციონერული ცხოვრებაც აქედან დაიწყო.

გადმოცემის თანახმად, ბენია ჩხიკვიშვილი კარგი ორატორი ყოფილა და მის მოსასმენად ხალხი, თურმე სპეციალურად იკრიბებოდა. როგორც ირაკლი მახარაძე წერს, 1903 წელს, ახლად ჩამოყალიბებულმა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტმა ის თავის რიგებში გააწევრიანა.

მერე იყო არალეგალური პარტიული მოღვაწეობა თბილისში, დაპატიმრება, მერე კი გურია, სადაც 1905 წელს დაშალეს ოზურგეთის საქალაქო საბჭო და მოიწვიეს ,,გურიის დროებითი პარლამენტი”. მაშინ ამ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევნებში ჩხიკვიშვილმა 970-დან 958 ხმა მიიღო. მაშინ ის სულ რაღაც 25 წლისა იყო.

მერე გურიის საპროტესტო მოძრაობა დაიწყო. ბენია აქაც პროცესის სათავეში იდგა, რის გამოც საბოლოოდ დააპატიმრეს კიდეც,

1908 წლის 21 იანვარს, თბილისში დაიწყო გურიის რესპუბლიკის სასამართლო პროცესი. მონაწილეებს ბრალს სდებდნენ 102-ე მუხლით, რაც ითვალისწინებდა სპეციალური ორგანიზაციის შექმნას ცარიზმის დასამხობად შეიარაღებული საშუალებით.

პასუხისგებაში მიეცნენ: ბენია ჩხიკვიშვილი, ნესტორ ერქომაიშვილი, სიმონ ღლონტი, სერგო სურგულაძე, მოსე ტუღუში, რაჟდენ ხომერიკი და სხვები. ბრალდებულები წინასწარ პატიმრობაში თითქმის სამი წელი იმყოფებოდნენ.

გაზეთი ,,ახალი ცხოვრება” (29 ივნისი, 1906) იუწყებოდა: ,,როგორც ნამდვილ წყაროებიდან გავიგეთ, ბ. ჩხიკვიშვილი, რომელიც ამჟამათ ქუთაისის სატუსაღოში იმყოფება, მეტად ცუდ მდგომარეობაში ყოფილა. სატუსაღოს ნესტიან და აუტანელ პირობებს საშინლად უმოქმედნია ჩხიკვიშვილის ორგანიზმზო.

ეს ბენია ჩხიკვიშვილის გადასახლებაში გადაღებული ფოტოა, 1910-იანი წლები.

ჩხიკვიშვილი გადაასახლეს ციმბირში, სადაც მან მომავალი მეუღლე, ვლადიკავკაზელი რევოლუციონერი ნადეჟდა კალოევი გაიცნო. გადასახლებაში ბენია ჩხიკვიშვილი 1017 წლის ბოლომდე დატოვეს.

ასე გამოიყურება ბენია ჩხიკვიშვილის პოლიტიკური გადასახლებულის ცნობა:

ამ ფოტოზე კი ბენია ჩხიკვიშვილი ოჯახთან ერთადაა:

1918 წლის ბოლოს ბენია ჩხიკვიშვილი საქართველოს მთავრობის კომისრად დანიშნეს სოხუმის ოლქში. სოხუმში წარმატებული კარიერის მერე კი ის, როგორც წიგნის ავტორი წერს, ის მენშევიკური მთავრობის ერთ-ერთ გავლენიან პირად იქცა.

ფრაგმენტი ქალაქ სოხუმის 1912 წლის გეგმიდან.

1919 წლის 2 თებერვალს გამართულ თბილისის საბჭოს არჩევნებზე, თავმჯდომარედ ალექსანდრე ლომთათიძე, ქალაქის მოურავად კი ბენიამინ ჩხიკვიშვილი აირჩიეს.

გაზეთი „ერთობა“ (8 აგვისტო, 1919) იუწყებოდა, რომ ქალაქისთავმა ბენიამინ გრიგოლის ძე ჩხიკვიშვილმა თბილისის ქუჩებში სასმელი წყლის ვედროებით გაყიდვა აკრძალაო. მისი მეცადინეობით გადაწყდა, ღარიბებისთვის მოწყობილიყო უფასო აბანო და ნომერ პირველ საავადმყოფოში სახადიანი პაციენტებისთვის გამოყოფილიყო 120 საწოლო“.

1920 წელს, ბათუმის ოლქის შემოერთების შემდეგ, ბენია ჩხიკვიშვილი იქ გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

ბრიტანული ხელმძღვანელობის მიერ დანიშნული ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე მასლოვი საკუთარ მემუარებში წერდა:

,,ჩხიკვიშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნას დასთანხმდა მხოლოდ იმ პირობით, რომ არავინ არ ჩაერეოდა მის საქმიანობაში, ყოველ შემთხვევაში ორი თვის მანძილზე მაინც, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ ის ბათუმში დანიშნა დარწმუნებულმა, რომ ის რკინის მკაცრი ხელით გახვეტდა ბათუმიდან და ოლქიდან კონტრრევოლუციონერებს, რუსოფილებსა და ქართველოფობებს, მთავრობა მისდა საბედნიეროდ არ შემცდარა”.

ამ ფოტოზე ნოე ჟორდანია და ბენია ჩხიკვიშვილი ხვდებიან თბილისში სტუმრად ჩამოსულ მეორე ინტერნაციონალის წარმომადგენლებს:

საქართველოს დამფუძნებელი კრების სესიის ამ ცნობილ ფოტოზე კი ბენიამინ ჩხიკვიშვილი უკანა რიგებში ზის:

ეს კი ფრაგმენტია თბილისის რკინიგზის სადგურის გადაკეთების გეგმისა და გზათა სამინისტროს განმარტებითი ბარათიდან (1919 წელი), რომლის თანახმად: "მგზავრთა ნაკადებისა და ქვეყანაში ურბანიზაციის ტემპის ზრდის გამო, ქალაქის მთავრობამ გადაწყვიტა თბილისის რკინიგზის სადგურის გადაკეთება და ამისთვის პროექტიც შეიმუშავა. ეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იმ მცირე ინიციატივებს შორის იყო, რომლებიც ეხებოდა ინფრასტრუქტურასა და არა სამხედრო ან სოციალურ საკითხებს"...

საქართველოში საბჭოთა რუსეთის შემოსვლის შემდეგ, ბენია ჩხიკვიშვილი ოჯახის გარეშე ემიგრაციაში, თავდაპირველად კონსტანტინოპოლში წავიდა. ნოე ჟორდანიას 1921 წლის 28 მარტის განკარგულებით იქ შეიქმნა საქართველოს ფინანსური და ეკონომიკური საკითხების მომწესრიგებელი „მთავრობის ეკონომიკური კომისია“ ფინანსთა მინისტრის კონსტანტინე კანდელაკის თავმჯდომარეობით, ხოლო ბენია ლტოლვილთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა.

როგორც ირაკლი მახარაძე მოგვითხრობს, ბენია ერთხანს გერმანიაში ცხოვრობდა, ცოტა ხანში კი საფრანგეთში დაფუძნდა. თუ როგორ განიცდიდა ის ოჯახთან იძულებით დაშორებას, კარგად ჩანს მეუღლესა და შვილებისადმი გაგზავნილ ღია ბარათებში:

"ჩემო ძვირფასო ბიჭუნა გრიშა. საყვარელო, გიკრავ გულში და გკოცნი უთვალავს. გახსოვდეს, შვილო, რომ მამაშენის გული უთქვენოთ მუდამ მკვდარია, გელით თქვენ და თქვენი ნახვის იმედით სცოცხლობს. როცა გაიზდები, მაშინ გაგებ, რომ მე არაფერი ბრალი მიმიძღვის თქვენს ასეთ გამწარებაში... შვილო, იყავი ჭკუით და დედის დამჯერე. სლავკას მუდამ ეფერებოდეთ და დედას დაუჯერეთ. შენი ბენია”.

1922 წლის 24 ივნისს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით, ლევილის მამულის მფლობელებად ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი არიან წარმოდგენილი. ამ დოკუმენტის პირველივე პუნქტში აღნიშნულია:

,,მამული, რომელიც შეძენილია ჩვენ ორის სახელზე კომუნა ლოვილში. დეპარტამენტი სენ–უაზი საფრანგეთში და აღნიშნულია ნოტარიულ აკტში, შედგენილში ქ. მონლერიში, ნოტარიუს პოპლენის მიერ, ნაყიდი არის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ფულით და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის საკუთრებას შეადგენს”.

ამ დოკუმენტს ხელს აწერენ ნიკოლოზ ჯაყელი და ბენია ჩხიკვიშვილი.

ბენია ჩხიკვიშვილის სავიზიტო ბარათები ინგლისურ და რუსულ ენებზე (ირაკლი მახარაძის კოლექცია)

ირაკლი მახარაძე წერს, რომ ჩხიკვიშვილი აქტიურად მონაწილეობდა ემიგრანტული მთავრობის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

ღია ბარათი,ლევილი

ჩართული იყო პარტიათაშორის მოლაპარაკებების პროცესში, საოკუპაციო რეჟიმთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის აღსადგენად ერთიანი ფრონტის შექმნის მიზნით. 1924 წელს აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად უკან ფარულად დაბრუნდა.

ასევე ნახეთ აჯანყება, რომელსაც ყველა ელოდა: აჯანყების დაწყება

ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს 1924 წლის 25 ივნისს, ალექსანდრე ლანდიას ბინაზე.

ასე გამოიყურება ბენია ჩხიკვიშვილის დაპატიმრების საგამოძიებო საქმე (1924 წელი):

1924 წელს პროპაგანდისტულმა გაზეთმა „კომუნისტმა“ აჯანყებისათვის დახვრეტილნი: ვ. ჯუღელი და ბ. ჩხიკვიშვილის ასეთი ფოტო დაბეჭდა:

ჩხიკვიშვილი კატეგორიულად უარყოფდა დაპატიმრებისას ბინაში აღმოჩენილ ნოე ჟორდანიას წერილთან და სოციალდემოკრატთა პარტიის არალეგალურ „ცეკასთან“ რაიმე კავშირს.

ის განუმარტავდა გამომძიებლებს, რომ ჩამოსული იყო ოჯახის წასაყვანად, რომელიც იმჟამად ვლადიკავკაზში იმყოფებოდა, რადგან ჩეხოსლოვაკიაში აპირებდა გადასახლებას და რომ მხოლოდ ამ მიზნით იყო ჩამოსული საქართველოში და არავითარი პოლიტიკური მიზანი არ ამოძრავებდა.

მისი დაკითხვის ოქმში ვკითხულობთ: „ჩამორთმეული ნივთები: თერმომეტრი - ერთი, ქიმიური ფანქრის ნაჭერი, საყელო ორი. შარვლის სამაგრი ერთი. ნაჭრის ქამარი ერთი, საათი... უბრალო ძეწკვით და პატარა ლექსიკონი ერთი”.

1924 წლის 30 აგვისტოს, ამიერკავკასიის სფსრ მთავრობის მოთხოვნით, სსრკ გაერთიანებული სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს თავმჯდომარემ ფელიქს ძერჟინსკიმ გადასახლებაში მყოფი საქართველოს წინააღმდეგობის ლიდერების ბენია ჩხიკვიშვილის, ნოე ხომერიკის, გოგიტა ფაღავას, გიორგი წინამძღვრიშვილის და ვასო ნოდიას დახვრეტის სანქცია გასცა.

ქართველები სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით გადაყვანისას, რუსეთის ტერიტორიაზე დახვრიტეს...ისინი, „როგორც ამბობენ, ვაჟკაცურად შეხვდნენ სიკვდილს”.

მათი საფლავები უცნობია.

PS. ბენია ჩხიკვიშვილის მთელი თავგადასავალი, მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოს ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები, ასევე ირაკლი მახარაძის პირადი და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ დოკუმენტური მასალა ბენია ჩხიკვიშვილის მემორიალურ ალბომში შეგიძლიათ ნახოთ.