გახარიას თქმით, პანდემიის პირობებში პოლიტიკურ პროცესს შეფერხება არ ექნება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების პროტოკოლი უკვე შემუშავებულია და პოლიტიკურ პროცესს შეფერხება არ ექნება. გიორგი გახარიამ ეს განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლების კითხვის პასუხად გააკეთა.

„არჩევნებთან დაკავშირებით ყველა პროტოკოლი უკვე შემუშავებულია. შეთანხმებულია როგორც ცესკოსთან, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან. არანაირი პრობლემა ან შეფერხება პოლიტიკურ პროცესს, განსაკუთრებით ხმის მიცემის პროცესს, არ ექნება. ჩატარდება ყველაფერი დათქმულ თარიღებში, დემოკარტიის მაღალი ხარისხის სრული დაცვით“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

1 სექტემბერს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ განმარტა, რომ ცესკომ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის საჭირო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და არჩევნებში ჩართულ მხარეებზე. მისივე განმარტებით, კენჭისყრის დღისთვის მზადდება ცალკე პროტოკოლი, რომელშიც გაწერილი იქნება პანდემიის გავრცელების პრევენციის ღონისძიებები როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ასევე ამომრჩევლებისთვის, დამკვირვებლებისა და ყველა იმ მხარისთვის, ვინც ჩართული იქნება საარჩევნო პროცესში.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. 31 აგვისტოს ხელმოწერილი ამავე განკარგულებით დაინიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებიც.