შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ბათუმის სამმართველოს 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
ერთ-ერთი მათგანი სამმართველოს მთავარი სპეციალისტია, მეორე კი - ამავე სამმართველოს დამხმარე პერსონალი.
თანამშრომლების ტესტების პასუხები 7 და 8 სექტემბერს გახდა ცნობილი.
"სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობას ჩაუტარდა სრული დეზინფექცია", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
ორივე ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში მკურნალობს.
ეპიდემიოლოგები აწარმოებენ წყაროს იდენტიფიცირებას და კონტაქტების კვლევას.
გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 7 საკონდიტრო "დონასთანაა" დაკავშირებული, 12 კი - ქალაქ ბათუმთან.
ამ დროისათვის საქართველოს კოვიდცენტრებში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით სულ 421 პაციენტი მკურნალობს, მათგან 3 კრიტიკულად მძიმე პაციენტია, 17 მძიმე, ხოლო დანარჩენების მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქი სიმძიმისაა.