პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რუსთავში ორი ახალგაზრდა დააკავეს

რუსთავის პოლიციის განყოფილება

პოლიციის ეკიპაჟისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდებით შს სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 16 სექტემბერს, გვიან ღამით, მასობრივი დაპირისპირების დროს, 19-19 წლის ორი ახალგაზრდა დააკავეს

შს სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა რუსთავში პატრულირებისას ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი - მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. - არ დაემორჩილა პოლიციელების მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა გაფრთხილების მიზნით ჰაერში გაისროლა.

ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილი ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შს სამინისტროს ცნობით, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით გამოძიება გრძელდება.