ჩეჩნეთში არქეოლოგებმა იპოვეს ქვა შუა საუკუნეების ქართული ტექსტით

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეციერებათა აკადემიის არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის იშვიათი ძეგლი აღმოაჩინეს. ინფორმაციას ТАСС-ი ავრცელებს

"იტუმ-კალინსკის რაიონში, ბაულოის დასახლებაში, მეჩეთის ნანგრევების დათვალიერებისას, ნაპოვნია შუა საუკუნეების დამწერლობის იშვიათი ძეგლი. ესაა ქვის ბლოკი, რომელზეც დატანილია ასომთავრულით შესრულებული, 24 ასოსგან შემდგარი ტექსტი. არტეფაქტი გროზნოს არქეოლოგიური კვლევების ცენტრშია გადატანილი. ქართველ კოლეგებთან ერთად, დაწყებულია მუშაობა ტექსტის გაშიფვრაზე", - აცხადებს ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი აზამატ ახმაროვი.

მეცნიერის მტკიცებით, აღმოჩენა უნიკალურია ჩეჩნეთის ყველა ისტორიულ-გეოგრაფიული ნაწილისთვის, მათ შორის, არღუნის მდინარისთვის, რომელიც სათავეს საქართველოში იღებს.

"უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს სრულ ტექსტთან. აქამდე ჩეჩნეთში ნაპოვნი მსგავსი ძეგლები შეიცავდნენ მხოლოდ რამდენიმე ნიშნისგან შემდგარ მოკლე ფრაზებს", - განმარტავს ახმაროვი.

ბაულოის უძველესი დასახლება, რომელშიც მხოლოდ 30 ადამიანზე მეტი ცხოვრობს, აღრუნის მდინარის ერთ-ერთ შესართავთან მდებარეობს. იქ, მეჩეთი, სავარაუდოდ, ააგეს უფრო ადრინდელი ქრისტეანული ტაძრის ადგილას. ТАСС-ი წერს, რომ შუა საუკუნეების ქართული მემკვიდრეობა ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში დღესაც შესამჩნევია. მაგალითად, ინგუშეთისა და დაღესტნის მთებში ტყობა-ერდისა და დათუნას ეკლესიები. ახლა ამ ძეგლებს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ასევე ნახეთ ჩეჩნეთში აღმოჩენილი ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით, სავარაუდოდ, ვაინახური კულტურის ნიმუშია