კორონავირუსით გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 43 წლის პაციენტია

ბოლო დღე-ღამეში გარდაცვლილი 7 პაციენტიდან ერთ-ერთი 43 წლის კაცია. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა, ბუბა შალამბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი მათ კლინიკაში 1 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ​ზურგის ტვინის ანთება, ნევროლოგიური გართულებები, მოძრაობის შეზღუდვა და ა.შ. ჰქონდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 12 272 პირამდე გაიზარდა, მათგან 6 538 უკვე გამოჯანმრთელდა, 92 კი გარდაიცვალა. ქვეყანაში 5 734 აქტიური შემთხვევაა, მათგან 50 მართვით სუნთქვაზეა.