ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი

ცხინვალის საავადმყოფო

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დღეს დილით დაადასტურეს კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო კომიტეტის, „ოსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა, მარინა კოჩიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ სულ აღრიცხულია 227 შემთხვევა, მათგან 137 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან.

დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ალა ჩოჩიევამ „რესს“ აცნობა, რომ ცხინვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინფექციური განყოფილება პაციენტებით უკვე სავსეა, ამიტომ განიხილება კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის კიდევ ერთი, 100 ადგილიანი განყოფილების გახსნა სავარაუდოდ, ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოში.

საქართველოს მეორე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას 15 ოქტომბრის მდგომარეობით აღრიცხული აქვს კორონავირუსის სულ 2579 შემთხვევა, მათ შორის 27 გარდაცვალების.