EMC პოლიციას მოუწოდებს, შეწყვიტოს ძალის გამოყენება მშვიდობიანი მანიფესტანტების წინააღმდეგ

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ცესკოს წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ჯგუფებმა აქციის მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს მაშინ, როცა შეკრების ადგილზე მონაწილეების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო თავმოყრილი და მათი დიდი ნაწილი არსებითად მშვიდობიან ქცევას ინარჩუნებდაო.

EMC წერს, ამ პირობებში შეკრების დაშლისა და ჭარბი სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. მით უფრო მაშინ, როდესაც ჭავლის გამოყენებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება და შესაძლებლობა, თავისუფლად დაეტოვებინათ შეკრების ადგილი. წყლის ჭავლის გამოყენებამდე პოლიციამ ასევე არ სცადა ვითარების განმუხტვა უფრო მსუბუქი საშუალებების გამოყენების გზითო - ნათქვამია განცხადებაში.

EMC აცხადებს, რომ არგუმენტს მოკლებულია ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ საპოლიციო ძალის გამოყენების წინ შეუძლებელი იყო შეკრების მონაწილეების გაფრთხილება, რადგან არ არსებობდა არანაირი მყისიერი და გადაუდებელი საფრთხე, რომლის გამოც პოლიციის მხრიდან გაფრთხილების ვალდებულების შესრულება არსებით საფრთხეს შეუქმნიდა საჯარო ინტერესებს, ან საზოგადოებრივ წესრიგს.

ორგანიზაცია მოიწოდებს საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ დაუშვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების მიმართ არაპროპორციული და ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენება და მიმართავს ყველა პოლიტიკურ პარტიას, მიიღონ ყველა ზომა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისა და არსებული პროცესების მოლაპარაკებების რეჟიმში გადაყვანის მიზნით.