ზარდიაანთკარელები მირიან თაზიაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ

საოკუპაციო გამყოფი ზოლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარიდან 20 ნოემბერს საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული 63 წლის მირიან თაზიაშვილის მეუღლემ არ იცის, რა ვითარებაში დააკავეს მისი ქმარი.

ცისანა თაზიაშვილი ამბობს, რომ მას ამ დრომდე, ცხინვალის დე ფაქტო მილიციიდან არავინ დაკავშირებია.

„ცხინვალიდან არავის დაურეკავს, მე ჩვენმა პოლიციამ მითხრა, შენი ქმარი წაიყვანესო. არ ვიცი, რა მოხდა, როგორ აღმოჩნდა იქით. სოციალურად დაუცველები ვართ და ისიც კი არ ვიცი, ჯარიმას როგორ გადავიხდი. ვაშლის კრეფაზე დავდივარ და თავს მაგით ვირჩენთ. ჩემი ქმარი ზოგჯერ ტაქსაობდა და პურის ფულს ასე ვშოულობდით”, - აცხადებს ცისანა თაზიაშვილი.

მირიან თაზიაშვილის დაკავების შესახებ 21 ნოემბერს გახდა ცნობილი. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მყისიერად გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს”, – ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.