ევროპის ქვეყნები "ღრმად შეშფოთებულნი" არიან ირანის ურანის გამამდიდრებელი პროგრამის გამო

ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია "ღრმად შემაშფოთებელს" უწოდებენ ირანის გეგმას ურანის მთავარ გამამდიდრებელ სადგურზე დამატებითი, მაღალი განვითარების ცენტრიფუგების დაყენებასთან დაკავშირებით. ევროპის ქვეყნების განცხადებით, ეს ეწინააღმდეგება ირანის მიერ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან 2015 წელს გაფორმებულ ბირთვულ ხელშეკრულებას.

"თუ ირანი სერიოზულად ეკიდება დიპლომატიისთვის სივრცის შენარჩუნებას, მან ეს ნაბიჯები არ უნდა გადადგას", - ამბობს სამი ქვეყანა ერთობლივ განცხადებაში 7 დეკემბერს.

გაეროს ბირთვული უწყების, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) კონფიდენციალური ანგარიშის თანახმად, ირანი გეგმავს სამი მაღალგანვითარებული ცენტრიფუგის დამონტაჟებას ნათანზის მიწისქვეშა ობიექტზე. 2015 წლის ხელშეკრულების თანახმად, ირანს უფლება აქვს გამოიყენოს მხოლოდ პირველი თაობის ცენტრიფუგები, რომლებიც ურანს გაცილებით უფრო ნელი ტემპით ამდიდრებს.

ირანის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ბოლოა ხელშეკრულების დარღვევის ციკლში, რომლითაც თეირანმა უპასუხა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, აშშ გამოეყვანა ხელშეკრულებიდან და ირანისთვის აღედგინა მკაცრი ეკონომიკური სანქციები.

ევროპის სამი ქვეყნის განცხადებით, ხელშეკრულება რჩება საუკეთესო და ამჟამად არსებულ ერთადერთ გზად საიმისოდ, რომ დაკვირვება გაეწიოს და შეიზღუდოს ირანის ბირთვული პროგრამა.