ქსნის ციხეში კორონავირუსით დაინფიცირებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა

ქსნის #15 პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსით დაინფიცირებული პატიმარი კლინიკაში გადაყვანისა და გათავისუფლების შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ ბრიფინგზე დაადასტურა.

"როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილი იქნა სამოქალაქო კლინიკაში. მას მეშვიდე დღეს დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ, როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, ის გათავისუფლდა და სამოქალაქო კლინიკაში გარდაიცვალა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რომლის უწყებასაც ექვემდებარება პენიტენციური სამსახური.

მისივე თქმით, არასწორია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ათასამდე პირია კორონავირუსით ინფიცირებული. თუმცა მას არ უთქვამს, კონკრეტულად რამდენ ადამიანს დაუდასტურდა ვირუსი ან როგორ დაინფიცირდნენ დახურულ დაწესებულებაში მყოფი პირები კორონავირუსით.