სულ მცირე ორი ათეული კაცი, მათ შორის, დაახლოებით 15 ექსტრემისტი, დაიღუპა წუხელ ავღანეთის მასშტაბით მომხდარ რამდენიმე თავდასხმაში, რომელზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩრდილოეთ ყუნდუზის პროვინციაში მდებარე სამხედრო საგუშაგოებზე 19 იანვარს მომხდარი თავდასხმების დროს დაიღუპა 4 ავღანელი ჯარისკაცი. ორმხრივ შეტაკებაში უსაფრთხოების ძალებმა თავის მხრივ გაანადგურეს 15 თალიბი, კიდევ 12 თავდამსხმელი დაჭრეს.
თუმცა, პროვინციის წარმომადგენელ გულამ რაბანის სადავოდ მიაჩნია სამხედრო უწყების ცნობა და აცხადებს, რომ უსაფრთხოების ძალებმა უფრო მძიმე დანაკარგი განიცადეს - ქალაქ ყუნდუზში თავდასხმის შედეგად დაიღუპა 14 ჯარისკაცი და 4 პოლიციელი, ხოლო დაშტ-ე-არჩის რაიონში - 25 ჯარისკაცი.
ყველა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანის დაჯგუფებამ, რომლის წარმომადგენელი, ზაბიულაჰ მოჯაჰიდი ამტკიცებს, რომ მოიერიშეებმა ხელთ იგდეს დიდძალი საჭურველი და ტექნიკა.
თავდასხმის ფონია დოჰაში აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი ავღანეთის ხელისუფლებისა და თალიბების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ცდილობენ იპოვონ 19-წლიანი ომის დამთავრების გზა.