ხარკოვში ხანდაზმულთა სახლში ხანძრის შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა უკრაინის ქალაქ ხარკოვში ხანდაზმულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ცხრა ადამიანი გადაარჩინეს და მათ საავადმყოფოში მკურნალობენ, განაცხადა 21 იანვარს უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახურმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით. ტრაგედიის წინასწარ მიზეზად დასახელებულია „ელექტრონული გამათბობელი მოწყობილობების დაუდევრად მოხმარება.“

საგანგებო ვითარებათა სამსახურის თანახმად, ცეცხლი დაახლოებით 15 საათზე გაჩნდა ორსართულიანი შენობის მეორე სართულზე. შენობაში იმ მომენტისთვის 33 ადამიანი იმყოფებოდა.