ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის ხვალინდელ სხდომას დაესწრებიან

პარტია "მოქალაქეების" ლიდერები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტის ხვალინდელ, 2 თებერვლის სხდომას დაესწრებიან. ხვალ პარლამენტში ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის კენჭისყრა იგეგმება.

"მოქალაქეების" პრესსამსახურის ინფორმაციით, დასწრების მიუხედავად, ელისაშვილი და იოსელიანი მხარს არ დაუჭერენ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.

ასევე ნახეთ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან
ასევე ნახეთ "გირჩი" "ქართულ ოცნებას" სთხოვს, რომ ოპოზიციას მანდატები არ უნდა შეუწყვიტოს

პარლამენტის დეპუტატობაზე უარის თქმის განცხადება 51 ოპოზიციონერ დეპუტატს აქვს დაწერილი. უმრავლესობამ მანდატები უკვე შეუწყვიტა "პატრიოტთა ალიანსის" სამ ლიდერს და საკანონმდებლო ორგანოში მათი ადგილმონაცვლეები შევიდნენ. პარლამენტში შედის "მოქალაქეების" ორი ლიდერი, "გირჩის" სამი წევრი კი მოლაპარაკებების პროცესს აკვირდება.