სოხუმში ამოქმედდა ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის შტაბი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის დროშები სოხუმში

სოხუმში მუშაობა დაიწყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდაჭერის შტაბმა, რომელიც განთავსდა „შავი ზღვის კაზაკთა ძალების“ და „აფხაზეთში რუსული თემის“, ორი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ოფისში.

შტაბში შევიდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შტაბმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მასში შევიდნენ „სხვადასხვა ეროვნების, ასაკის, შეხედულებების, პოლიტიკური პოზიციის და ერთი იდეის მქონე ადამიანები - გაერთიანდნენ რუსეთის პრეზიდენტის - რუსეთის და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტის - ვლადიმირ ვლადიმირის ძე პუტინის გარშემო“. პუტინის მომხრეები თვლიან, რომ კონსოლიდაცია და ერთად ყოფნა საჭიროა შექმნილ საერთაშორისო ვითარებაში და რუსეთის საქმეებში აშშ-ის უხეში ჩარევის პირობებში.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ვაშინგტონი და თბილისი “ოცნებობენ რუსეთში რეჟიმის შეცვლაზე“ და აფხაზეთის ძალით დაკავებაზე“.

რუსეთის პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია სოხუმში უნდა გამართულიყო 23 იანვარს, მაგრამ „გადაიდო ეპიდემიოლოგიური ვითარების ნორმალიზებამდე“.