საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე ოფიციალურად გაინაღდა ექვსგუნდიან ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი. როტერდამში მიმდინარე შეჯიბრებაზე დღეს, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბრაზილია დაამარცხა, ანგარიშით 12:8. ხვალ კი ქართველი წყალბურთელები ჯგუფის ლიდერ მონტენეგროსთან ითამაშებენ და ხვალვე გაირკვევა, ვის დაუპირისპირდებიან 20 თებერვალს, მეოთხედფინალში.

ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე სულ თორმეტი ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს, რომლებიც ორგანიზატორებმა ორ ჯგუფში გადაანაწილეს. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, ოთხ-ოთხი უძლიერესი გუნდი მეოთხედფინალურ წყვილებს შეადგენს და გაგრძელდება ბრძოლა ტოკიოს ოლიმპიადის სამი ლიცენზიის მოსაპოვებლად.

საქართველოს ნაკრებმა როტერდამში სამი თამაში ჩაატარა. წააგო საბერძნეთთან (10:11) და მოუგო კანადასა (14:11) და ბრაზილიას. ამავე ჯგუფში იყო თურქეთის ნაკრებიც, რომელიც ორგანიზატორებმა კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გამო მოხსნეს შეჯიბრებიდან.

მეორე ჯგუფიდან პლეი ოფში მოსახვედრად იბრძვიან: ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდი, გერმანია და რუმინეთი.